ჰუბერტ ქნირში - სასამართლო რეფორმა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობისთვის
ჰუბერტ ქნირში - სასამართლო რეფორმა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობისთვის

სასამართლო რეფორმა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა სასამართლო რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ისინი თვალს ადევნებენ საქართველოში, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესს.

„ჩვენ თვალს ვადევნებდით მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელებისა და შერჩევის პროცესს. უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურის დასახელებისა და წარდგენისას გამოვლენილი იყო გარკვეული პრობლემები, რომლის შესახებაც ოდირმა თავისი დასკვნა გააკეთა. მათ გამოავლინეს პროცედურული საკითხების მიმართ გარკვეული დარღვევები. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლებთან შესაბამისი საკითხი განვიხილოთ“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.