ჰუბერტ ქნირში -  კონსტიტუცია ახდენს პოლიტიკის დეპერსონალიზებას, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არ ხარ არც შენ და არც შენი პარტია
ჰუბერტ ქნირში - კონსტიტუცია ახდენს პოლიტიკის დეპერსონალიზებას, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არ ხარ არც შენ და არც შენი პარტია

ისტორიის გზავნილს ინტერპრეტაცია არ სჭირდება. ეს ღიაა ყველა ჩვენგანის წინაშე: იცოცხლე შენი კონსტიტუციით, დაიცავი იგი მთელი შენი გონებით, თუნდაც ეს შენს ვიწრო ინტერესს ან პირად იმპულსს ეწინააღმდეგებოდეს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციაზე „საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის და საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ქნირშმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებისა და საქართველოს ოკუპაციის თარიღები ახლოსაა ერთმანეთთან.

„ასე ახლოს მყოფი ორი თარიღი ნათლად და ძლიერად გვესაუბრება. ასი წლის წინ საქართველოს პრაქტიკულად არ ჰქონდა შანსი, გამოეყენებინა კონსტიტუცია. ისტორიის გზავნილს ინტერპრეტაცია არ სჭირდება. ეს ღიაა ყველა ჩვენგანის წინაშე: იცოცხლე შენი კონსტიტუციით, დაიცავი იგი მთელი შენი გონებით, თუნდაც ეს შენს ვიწრო ინტერესს ან პირად იმპულსს ეწინააღმდეგებოდეს. კონსტიტუცია პოლიტიკის დეპერსონალიზებას ახდენს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, მასში შენ არ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი და არც შენი პარტია. დემოკრატიული კონსტიტუცია გაძლევთ უფლებებსა და თავისუფლებებს, მაგრამ კონსტიტუციური პოლიტიკა მუშაობს ინსტიტუტების საშუალებით. ისინი გადაწყვეტენ, სწორედ მათ აქვთ ლეგიტიმურობა. გერმანიის ვაიმარის კონსტიტუცია, რომელიც მიღებულ იქნა იმავე წელს, როგორც ქართული, არის გამაფრთხილებელი მაგალითი, როგორ შეიძლება წესრიგი დაირღვეს არა გარედან, არამედ შიგნიდან; დემოკრატიის მაგალითი, რომელშიც იყო ბევრი მებრძოლი, მაგრამ ცოტა დემოკრატი. ორივე ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მიეცა“, – განაცხადა ქნირშმა.

გამოსვლისას ქნირშმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიის გზაზე სვლა პირველ რიგში, ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება.

„დღეს საქართველოში აშკარაა საფრთხე, რომ პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ. ეს ნათელია იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის უღელს. ამასთან, ზოგადად, პარტიები ხშირად მისდევენ პოლიტიკის გააზრებას, რომლის დროსაც მეორე მხარესთან ბრძოლა საზოგადოების მსახურებაზე წინ დგას. თუ ეს არ შეჩერდება, ეს იქნება ბრძოლა გემზე, რომელიც იძირება. მე ამას ვამბობ, როგორც გარე დამკვირვებელი, მაგრამ ეს ჩვენ გარეშეც იცით. დემოკრატია არ არის ის, რასაც აკეთებ ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მოსაწონებლად. არც კრემლში ხალხის გასაღიზიანებლად. თქვენ ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობისთვის, როგორც ერი – და იმიტომ, რომ თქვენ დავალებული ხართ მისი ისტორიის წინაშე. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, მოვისმინო მეტი ბოლო ასწლეულის კვლევებთან დაკავშირებით. მე მივესალმები, რომ თსუ-მ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა გააძლიერა კვლევები საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა