ჰუბერტ ქნირში - ევროკავშირის რჩევები მოკლედ არის ფორმულირებული, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, ქართულმა ინსტიტუციებმა უნდა გადაწყვიტონ, ყველა ცვლილება ისე უნდა განხორციელდეს, როგორც საქართველოსთვის იქნება სწორი
ჰუბერტ ქნირში - ევროკავშირის რჩევები მოკლედ არის ფორმულირებული, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, ქართულმა ინსტიტუციებმა უნდა გადაწყვიტონ, ყველა ცვლილება ისე უნდა განხორციელდეს, როგორც საქართველოსთვის იქნება სწორი

უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის გაიხსნა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ჩვენ, გერმანიას და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებს გვინდა, რომ სამივე ქვეყანამ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა წარმატებით გაიაროს, – ამის შესახებ პირველ არხთან ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროპული საბჭოს, ანუ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა გადაწყვეტილება იყო სამივე ქვეყნისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.

რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციებს, როგორც ელჩი აცხადებს, ეს რეკომენდაციები ევროპული საბჭოსა და კომისიის მიერ ძალიან მოკლედ არის ფორმულირებული.

„ეს რჩევები სხვადასხვაგვარია და სხვადასხვა თემას ეხება. ისინი ევროპული საბჭოსა და კომისიის მიერ ძალიან მოკლედ არის ფორმულირებული. ყველაფერი ერთ გვერდზეა დატეული. კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, ეს ქართულმა ინსტიტუციებმა უნდა გადაწყვიტონ, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა. ყველა ეს ცვლილება ისე უნდა განხორციელდეს, როგორც საქართველოსთვის იქნება სწორი. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მუდამ ვიღწვით იმისთვის, რომ ყოველდღიურად გავაძლიეროთ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. ეს არის ასევე მიზანი საქართველოსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია ამ გზაზე დიდი წარმატებების მიღწევა და ევროკავშირის დარწმუნება, რომ ქართული პოლიტიკა ქმედითია და შეუძლია იმ მიზნების მიღწევა, რომელსაც დაისახავს“, – აღნიშნა ქნირშმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ „საქართველო გეოპოლიტიკურად სხვა სიტუაციაშია“, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავებებიც.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სიგნალი, რომელიც ევროპულმა საბჭომ მისცა ამ სამ ქვეყანას, სამივე ქვეყნისთვის იყო მკაფიო და პოზიტიური. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რა თქმა უნდა, ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავებებიც. უკრაინა უშუალოდ აგრესიის მსხვერპლია, ყოველ დღე ვხედავთ ამ საშინელი ომის სურათებს, მოლდოვას უწევს ლტოლვილების დიდ ნაკადთან გამკლავება, საქართველოს ამჟამად ეს პრობლემები უშუალოდ არ ეხება, მაგრამ საქართველო წლების წინ იყო აგრესიის მსხვერპლი და მის ტერიტორიაზე ახლაც არალეგალურად დგას რუსეთის ჯარი. მთავარი ჩვენთვის არის სამშვიდობო წესრიგი ევროპაში, რომელიც ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, ეს არის გაერო-ს, საერთაშორისო სამართლის, ასევე ეუთოს წესები, რომლებიც ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა. ეს არის გერმანული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები“, – განაცხადა ქნირშმა.

ელჩის თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს უკვე ათწლეულების განმავლობაში და მომავალშიც მზად არის, გააგრძელოს ეს მხარდაჭერა.

„რაც შეეხება კონკრეტულად ევროპული საბჭოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, მგონია, რომ გარკვეულ სფეროებში ჩვენ შეგვიძლია ტექნიკური კონსულტაციებით დავეხმაროთ საქართველოს, მაგალითად, როდესაც საუბარია სასამართლო რეფორმაზე. მთლიანობაში კი, ჩვენ სიამოვნებით ვიქნებით იმ დიალოგის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ პროცესში თვიანთი როლი აკისრიათ. ერთი პუნქტი ამ 12 რეკომენდაციიდან არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ სფეროში შეგვიძლია, გასული თვეების განმავლობაში მიღწეული წარმატების შესახებ ვთქვათ, როდესაც ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა ონლაინ დანაშაულთან ბრძოლაში. ასეთი რამ სხვა სფეროებშიც არის შესაძლებელი. ჩვენ გვინდა, იმ პროცესის ნაწილი ვიყოთ, რომელიც საქართველოს დააახლოებს ევროკავშირთან“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.