ჰუბერტ ქნირში - მინდა, ქართველებმა იცოდნენ, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია, იმსახურებენ წარმატებას და წინსვლას
ჰუბერტ ქნირში - მინდა, ქართველებმა იცოდნენ, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია, იმსახურებენ წარმატებას და წინსვლას

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოში ოთხწლიან მისიას ასრულებს. პირველმა არხმა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გერმანელი დიპლომატი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე, დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე, გერმანიის საქართველოსადმი დახმარებასა და საქართველოში მუშაობის წლებზე საუბრობს.

გამარჯობა, ბატონო ელჩო. მადლობას გიხდით, რომ დაგვთანხმდით, ჩვენს კითხვებზე გეპასუხათ. პირველ რიგში, მსურს, დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით – ევროინტეგრაციით. ივნისის ბოლოს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ეს ქართული საზოგადოების ნაწილისთვის იმედგაცრუების გამომწვევი იყო. როგორ შეაფასებდით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას? იყო თუ არა ეს სწორი გზავნილი საქართველოსთვის?

– ევროპული საბჭოს, ანუ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა გადაწყვეტილება იყო სამივე ქვეყნისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის გაიხსნა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ჩვენ, გერმანიას და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებს გვინდა, რომ სამივე ქვეყანამ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა წარმატებით გაიაროს.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს 12 რეკომენდაცია მისცა. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა აღნიშნა, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს ამ რეკომედნაციების შესრულების შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია უახლოეს თვეებში მათი შესრულების შანსები?

– ეს რჩევები სხვადასხვაგვარია და სხვადასხვა თემას ეხება. ისინი ევროპული საბჭოსა და კომისიის მიერ ძალიან მოკლედ არის ფორმულირებული. ყველაფერი ერთ გვერდზეა დატეული. კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, ეს ქართულმა ინსტიტუციებმა უნდა გადაწყვიტონ, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა. ყველა ეს ცვლილება ისე უნდა განხორციელდეს, როგორც საქართველოსთვის იქნება სწორი. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მუდამ ვიღწვით იმისთვის, რომ ყოველდღიურად გავაძლიეროთ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. ეს არის ასევე მიზანი საქართველოსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია ამ გზაზე დიდი წარმატებების მიღწევა და ევროკავშირის დარწმუნება, რომ ქართული პოლიტიკა ქმედითია და შეუძლია იმ მიზნების მიღწევა, რომელსაც დაისახავს.

თქვენი აზრით, რომელი რეკომენდაციაა ყველაზე რთული ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის და რატომ?

– ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩემი შეფასებით, არის დეპოლარიზაცია, რომელიც მოითხოვს პოლიტიკოსებისაგან, პარტიებისგან ქცევის შეცვლას, ასევე ქცევის შეცვლას მედიასაშუალებებისგანაც. ხანდახან მესმის, რომ მედიაში კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებაა, ვიდრე პოლიტიკაში. პოლარიზაციამ მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფერო, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი. ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ თავიანთი ქცევის შეცვლა, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი. მოხდება ეს თუ არა, არის თუ არა ამის დიდი შანსი, ამას ვერ განვსჯი. დიდი პოეტი ხომ ამბობდა, ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსაო. მე უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის წინსვლისათვის ამ ნაბიჯს გადადგამენ, პარტიებს შორის დაძაბულობას შეამცირებენ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთმანეთთან ურთიერთობის ტონს გააუმჯობესებენ.

თქვენ ახსენეთ დეპოლარიზაცია და მეც მსურდა, ამასთან დაკავშირებით მეკითხა. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული საბჭოს სამიტიდან ერთი თვის შემდეგ დეპოლარიზაციის ნიშნები არ ჩანს, ხედავთ თუ არა თქვენ პოლიტიკური პარტიების, ან საზოგადოების სხვადასხვა წრეების მხრიდან დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯის გადადგმის სურვილს?

– ამასთან დაკავშირებით ბევრი საუბარი მქონია და, რა თქმა უნდა, ვხედავ, როგორი განსხვავებულია პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებები. მოქმედება სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. მუშაობა უნდა წარიმართოს პარლამენტში და ამისათვის პარლამენტისგან მოწვევაც არის. ზოგიერთმა პარტიამ ჯერ მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ სურდა, შემდეგ განაცხადეს, რომ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება სურთ. მე ეს ისე მესმის, რომ შემდეგ ეს პარტიები თავიანთ პოზიციას პარლამენტის მუშაობის პროცესში გააჟღერებენ, სხვა შემთხვევაში ასეთ მოქმედებას ხომ აზრი არ ექნება. ამგვარად, არც ისე პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან საქართველოში უკვე არსებობს რეაქცია იმ სურვილზე, რომელიც ევროკავშირმა გააჟღერა და რაც ასევე წარმოადგენს ქართველი ხალხის სურვილსაც. ეს არის სურვილი, რომ პარტიებმა იმუშაონ ერთად, რათა შეასრულონ თავიანთი ამოცანები, გაუმკლავდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს შეეჭიდონ.

ევროპული საბჭოს სამიტამდე, ივნისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უკრაინას და მოლდოვას და აღნიშნა, რომ საქართველო „გეოპოლიიტკურად სხვა სიტუაციაშია“. როგორ შეაფასებდით ამ პოზიციას? არის თუ არა საქართველო განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში?

– პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სიგნალი, რომელიც ევროპულმა საბჭომ მისცა ამ სამ ქვეყანას, სამივე ქვეყნისთვის იყო მკაფიო და პოზიტიური. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რა თქმა უნდა, ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავებებიც. უკრაინა უშუალოდ აგრესიის მსხვერპლია, ყოველ დღე ვხედავთ ამ საშინელი ომის სურათებს, მოლდოვას უწევს ლტოლვილების დიდ ნაკადთან გამკლავება, საქართველოს ამჟამად ეს პრობლემები უშუალოდ არ ეხება, მაგრამ საქართველო წლების წინ იყო აგრესიის მსხვერპლი და მის ტერიტორიაზე ახლაც არალეგალურად დგას რუსეთის ჯარი. მთავარი ჩვენთვის არის სამშვიდობო წესრიგი ევროპაში, რომელიც ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, ეს არის გაერო-ს, საერთაშორისო სამართლის, ასევე ეუთოს წესები, რომლებიც ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა. ეს არის გერმანული პოლიტიკის  ძირითადი პრინციპები.

გასულ კვირაში საქართველოში ვიზიტისას ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კატრინ გორინგ-ეკარდტმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს, რათა მან თავისი ევროპული პერსპექტივა რეალობად აქციოს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა გზით შეუძლია გერმანიას საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე?

– გერმანია მხარს უჭერს საქართველოს უკვე ათწლეულების განმავლობაში და მომავალშიც მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა. რაც შეეხება კონკრეტულად ევროპული საბჭოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, მგონია, რომ გარკვეულ სფეროებში ჩვენ შეგვიძლია ტექნიკური კონსულტაციებით დავეხმაროთ საქართველოს, მაგალითად, როდესაც საუბარია სასამართლო რეფორმაზე. მთლიანობაში კი ჩვენ სიამოვნებით ვიქნებით იმ დიალოგის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ პროცესში თვიანთი როლი აკისრიათ. ერთი პუნქტი ამ 12 რეკომენდაციიდან არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ სფეროში შეგვიძლია, გასული თვეების განმავლობაში მიღწეული წარმატების შესახებ ვთქვათ, როდესაც ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა ონლაინ დანაშაულთან ბრძოლაში. ასეთი რამ სხვა სფეროებშიც არის შესაძლებელი. ჩვენ გვინდა, იმ პროცესის ნაწილი ვიყოთ, რომელიც საქართველოს დააახლოებს ევროკავშირთან.

თქვენ ასრულებთ საქართველოში ელჩის მისიას. გულახდილად ვთქვათ, ეს ოთხი წელი არ იყო მარტივი. ჩვენ მრავალი პოლიტიკური რყევის, კოვიდ-კრიზისის, ეკონომიკური სირთულეების თვითმხილველები ვიყავით. თქვენი შეფასებით, რა იყო მთავარი გამოწვევები და მიღწევები გერმანია-საქართველოს და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში?

– მართალი ხართ, ბოლო ოთხი წელი სავსე იყო კრიზისებით, რთული სიტუაციებითა და მოვლენებით, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ოთხი წელი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არაჩვეულებრივი დრო იყო. საქართველოში გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის იყო სიამოვნება. ჩვენ გავიცანით ქვეყანა, ბევრ ადამიანს შევხვდით, ბევრი მეგობარი გავიჩინეთ. გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში პრობლემები არ არის, არამედ არის მიზნები, რომელთა მიღწევაც გვინდა, არის ისეთი დიდი მიზნები, რომელთა განხორციელებისათვისაც ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა კიდევ უფრო მეტ წინსვლას მივაღწიოთ, მაგალითად საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებისა და გაღრმავების საქმეში. ხოლო, ყველაზე დიდი მიზანი, როგორც უკვე ვახსენე, არის საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამაზე გვინდა კიდევ უფრო მეტად ვიმუშაოთ და ეს არის ჩვენი ამოცანა იმ 200-წლიანი ძალიან მჭიდრო და წარმატებული ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემდეგ. ამ ურთიერთობების ტრადიცია არის ერთგვარი ვალდებულება ამ მიზნის მიღწევისათვის.

გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს და ჩართულია მრავალ მნიშვნელოვან პროექტსა და საქმიანობაში საქართველოში სხვადასხვა სფეროში. ბატონო ელჩო, არის თუ არა გერმანიის მხარდაჭერით განხორციელებული რომელიმე პროექტი, რომლითაც თქვენ განსაკუთრებით ამაყობთ?

– ყოველთვის სიხარულით და სიამაყით ვუყურებ ამ თანამშრომლობას და მის შედეგებს. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ ერთად, მაგალითად გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ენერგიის სექტორში. ძალიან სასიხარულოა თანამშრომლობა ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების კუთხით. ცოტა ხნის წინ ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში მინისტრ შამუგიასთან ერთად გავხსენით ვიზიტორთა ახალი ცენტრი. ძალიან მახარებს ასევე თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ანუ თავდაცვის სფეროში, სადაც ჩვენ საქართველოში სამხედრო ინჟინრული მიმართულების მხარდაჭერას ვახორციელებთ, მხარს ვუჭერთ ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, ამას კიდევ დაემატა სამხედრო მედიცინის სფერო, სადაც საქართველოს ყველაზე მჭიდრო პარტნიორები ვართ. ყველაზე მეტად კი მიხარია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა განათლების სექტორში, მაგალითად საამაყოა, რომ საქართველოში არის 15 სკოლა, სადაც გერმანელი მასწავლებლები და გერმანიიდან ჩამოსული მოხალისეები გერმანული ენის სწავლებაში ეხმარებიან ქართველ მასწავლებლებს. მიხარია, მათ საქმიანობას და ქართველი მოსწავლეების წარმატებებს რომ ვხედავ, როდესაც ისინი შემდეგ პირდაპირ გერმანიაში მიდიან უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლად. მიხარია ასევე, რომ ბევრ პროფესიაში არის შესაძლებელი, პროფესიული განათლების მიღება გერმანული მოდელის მიხედვით, მაგალითად მეღვინეობაში, სამშენებლო დარგებში, ტურიზმის განხრით, ასევე ლოჯისტიკის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ზრდასრულთა განათლების ცენტრების ჩამოყალიბება, რაც მოხერხდა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების კავშირის დახმარებით 13 სხვადასხვა ქალაქში. ეს არის საქმიანობა, სადაც დიდი მონდომება და ენთუზიაზმია საჭირო. იქ ქართველები მუშაობენ და ქართველებს ასწავლიან, გერმანიამ კი იდეა მიაწოდა და ფინანსურად ეხმარება ამ სკოლებს. ძალიან სასიხარულოა, რომ მცირე ფინანსური დახმარებით განხორციელებულ ასეთ იდეებს ასეთი კარგი შედეგები მოაქვს.

სიხარულთან ერთად, მე და ჩემი ოჯახი ვგრძნობთ ასევე მადლიერებას იმისთვის, რაც ვნახეთ და განვიცადეთ საქართველოში, მადლიერებას იმ ადამიანებისათვის, ვისაც შევხვდით, ვისაც დავუმეგობრდით. ქართველების კეთილგანწყობას ვგრძნობდით არა მარტო ჩვენ, ის იგრძნობა ყველას მიმართ, ყველა გერმანელის მიმართ. ჩვენი ურთიერთობები არის განსაკუთრებული და ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა, მიმეღო მონაწილეობა ამ ურთიერთობების გაღრმავებაში.

და შეჯამებისას, ხომ არ არის რამე, რის თქმასაც საქართველოს საზოგადოებისთვის ქვეყნის დატოვებამდე ისურვებდით?

– მინდა, ქართველებმა იცოდნენ, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია. ისინი იმსახურებენ წარმატებას და წინსვლას. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, ძალიან ნიჭიერები არიან. შესანიშნავია ამ ქვეყნის ნახვა. ყველას, ვინც აქ ჩამოდის, სურს, ამ პროცესის მონაწილე იყოს და ნახოს, როგორ ვითარდება და მშვენდება ეს ქვეყანა. იმედი მაქვს, რომ კიდევ ხშირად ჩამოვალ და გავხდები საქართველოს განვითარების, წინსვლის მომსწრე.