შალვა ნათელაშვილი - მადლობა გერმანიის მთავრობას, თუმცა სჯობდა, ჰუბერტ ქნირში ელჩად საერთოდ არ დაენიშნათ
შალვა ნათელაშვილი - მადლობა გერმანიის მთავრობას, თუმცა სჯობდა, ჰუბერტ ქნირში ელჩად საერთოდ არ დაენიშნათ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს პოსტს და აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობაში გაგზავნილი მისი წერილის შემდეგ, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოდან გაიწვიეს.

„ამ წერილის გაგზავნიდან ორი კვირა გავიდა და გერმანიის ივანიშვილზე მიყიდული ელჩი გაწვეულია. მადლობა გერმანიის მთავრობას, თუმცა სჯობდა ის საერთოდ არ დაენიშნათ“,- წერს ნათელაშვილი და აქვე აქვეყნებს წერილს, რომელიც მისი თქმით, გერმანიის მთავრობაში გააგზავნა.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს​, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ხელმძღვანელობას, კომიტეტების და ფრაქციათა ლიდერებს…

ვადასტურებთ მეგობარი გერმანელი ხალხისა და ყველა თქვენგანისადმი უდიდეს პატივისცემას. ჩვენი ხალხი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო გერმანული ცივილიზაციის საკაცობრიო მიღწევებით და იმ ისტორიულ-კულტურული საგანძურით, რაც შექმნა გერმანელმა ერმა, თუმცა სამწუხაროდ ეს აღფრთოვანება არ ვრცელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ქნირშზე, რომელიც მთლიანად მიეყიდა საქართველოს დიქტატორ, რუს ოლიგარქ-მილიარდერ ივანიშვილს და მის მთავრობას. მიყიდვა და კორუფცია იმ დონეზეა, რომ ეს უკვე ჩრდილს აყენებს მთლიანად ჩვენი ხალხის განწყობას გერმანიის მიმართ. გერმანიის ელჩი რუს მილიარდერს ადვოკატად უდგას მაშინ, როცა სპეცრაზმი თვალებს სთხრის უიარაღო დემონსტრანტებს პარლამენტთან და ელჩი მილიარდერის თავგამოდებული დამცველია მაშინაც, როდესაც ოლიგარქი არჩევნების გაყალბებით იტაცებს ძალაუფლებას.

ჩვენ ყველაფერ ამით დავიღალეთ. უმორჩილესად გთხოვთ, არა მარტო უსწრაფესად გაიწვიოთ ელჩი ქნირში საქართველოდან, არამედ გადაამოწმოთ მისი და მისი ოჯახის წევრთა მილიონების კანონიერება ბანკებში, ოფშორებსა და კრიპტოსავალუტო ცენტრებში. დამერწმუნეთ, ბევრ საინტერესოს ნახავთ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას“,- წერს შალვა ნათელაშვილი.

ჰუბერტ ქნირშს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.