ჰონკონგში საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც სააგენტო „რეიტერი“ წერს, ჯიმი შამს სულ მცირე ოთხი პირი დაესხა თავს და ის ჩაქუჩებით სცემეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალნენ. ჯიმი შამი ჰოსპიტალიზებულია. ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ეს ჰონგკონგში საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ჯიმი შამზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენალმა“ ჰონკონგის ხელისუფლებას თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ეს შემზარავი თავდასხმა, რითაც გააგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ აქტივისტებზე თავდასხმას მოჰყვება შედეგები“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ჰონკონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები უკვე ოთხ თვეზე მეტია, მიმდინარეობს. თავდაპირველად, დემონსტრანტები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობამ გამოიყვანა ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დათანხმდა, კანონზე უარი თქვას, საპროტესტო გამოსვლები ჰონკონგში გრძელდება.