ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ლიდერს, ჯოშუა ვონგს უკანონო დემონსტრაციების ორგანიზებისთვის ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ჯოშუა ვონგი და კიდევ ერთი დაკავებული აქტივისტი აგნეს ჩოუ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მათი საქმის განხილვა 8 ნოემბრამდე გადაიდო.
აქტივისტებს 21 ივნისს, პოლიციის განყოფილებასთან უკანონო აქციის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.
ჰონგ-კონგის პოლიციამ შაბათ-კვირას დაგეგმილი დემონსტრაციის წინ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, მათ შორის 22 წლის ჯოშუა ვონგი იყო.
აღსანიშნავია, რომ ჯოშუა ვონგი ჰონგ-კონგში 2014 წელს დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით გამართული საპროტესტო გამოსვლების სახე იყო. მაშინ „ქოლგების პროტესტის“ სახელით ცნობილი დემონსტრაციების გამო ჰონგ-კონგის ნაწილი 79 დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. სამთავრობო კომპლექსთან 2014 წელს საპროტესტო აქციების ორგანიზების ბრალდებით მან ხუთკვირიანი პატიმრობა მოიხადა და ციხე 2019 წლის ივნისში დატოვა.
ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად აქტივისტები ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მის გაუქმებას ითხოვდნენ. დემონსტრანტების მოთხოვნაა ასევე, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში მხილებული პოლიციელების დასჯა და ჰონგ-კონგის მთავრობის გადადგომა.