ჰონგ კონგში დემონსტრაციაზე არეულობის დროს 200-მდე ადამიანი დააკავეს
ჰონგ კონგში დემონსტრაციაზე მომხდარი არეულობის დროს 200-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოუხდათ. როგორც ცნობილია პოლიცია იძულებული გახდა განსაკუთრებული არეულობის დროს 18 წლის აქტივისტისთვის ცეცხლი გაეხსნა. ის მხარში დაიჭრა. ამასთან ერთად, როგორც ჰონგ კონგის სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელი იუწყება, პოლიციას ცეცხლის გახსნა კიდევ ორ ადგილას მოუხდა.
ჰონგ კონგში დემონსტრანტებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების იუბილესთან დაკავშირებით, ოფიციალური პეკინის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც პირველ ოქტომბერს დემონსტრაციების გამართვა აიკრძალა. აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტები პოლიციის მიმართულებით ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. ცალკეულ ადგილებში ცეცხლის გახსნამდე პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრელმსადენი აირი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს სამართალდამცველების მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო. მანამდე პოლიცია აქციების დასაშლელად ცრემლსადენ აირს, წყლის ჭავლს და რეზინის ტყვიებს იყენებდა.