ჰონგ კონგში დემონსტრაციების დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დემონსტრაციაზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს 70 წლის მამაკაცს თავის არეში მყარი საგანი მოხვდა. მიყენებული დაზიანებები ფატალური აღმოჩნდა. ინციდენტი ჰონგ-კონგის სასაზღვრო დასახლება შეუნგ-შუიში მოხდა.
არეულობის დროს ფატალური შედეგი ჰონგ კოგისთვის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ კვირას 22 წლის ახალგაზრდა შეტაკების დროს ავტოსადგომის სახურავზე ავიდა, საიდანაც ჩამოვარდა და რამდენიმე დღეში სამედიცინო ცენტრში, სხეულის დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ბოლო რამდენიმე დღეა ჰონგ კონგში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებმა ინტენსიური სახე მიიღო. არეულობის გამო ხელისუფლებამ სასწავლო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ აქტივისტის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, ჰონგ კონგი ამჟამად ჩინეთის მმართველობის ქვეშ არის „ერთი ქვეყნისა და ორი სისტემის“ პრინციპით. აღნიშნული მოდელის მიხედვით ჰონგ კონგს ავტონომია აქვს. მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. მაშინ, როდესაც ადგილობრივმა მთავრობამ განსახილველად ექსტრადირების კანონი გაიტანა. კანონპროექტის მიხედვით, ეჭვმიტანილების ჩინეთში ექსტრადირება შესაძლებელი ხდებოდა. ჰონგ კონგელები კი შიშობდნენ, რომ კანონი მათ თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას შეზღუდავდა.
აქციების დაწყების შემდეგ კანონი უკან გაიწვიეს. თუმცა აქტივისტებს მოთხოვნები მალე შეეცვალათ. ახლა მანიფესტანტები თავისუფალ არჩევნებს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის დამოუკიდებელ გამოძიებას, ორი ათასზე მეტი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებასა და ჰონგ კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.