ჰონდურასის ყოფილ პრეზიდენტს 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ჰონდურასის ყოფილ პრეზიდენტს 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აშშ-ის მოსამართლემ, ნარკოტრეფიკინგის ბრალდებით, ჰონდურასის ყოფილ პრეზიდენტს, ხუან ორლანდო ერნანდესს 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და რვა მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ერნანდესი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

პროკურორებმა ერნანდესი მისი მმართველობის პერიოდში ნარკოკარტელებთან შეთქმულებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ მათ ჰონდურასის გავლით 400 ტონაზე მეტი კოკაინი გადაიტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროკურორების თქმით, სანაცვლოდ, ერნანდესმა მიიღო მილიონობით დოლარი ქრთამის სახით, რომელიც პოლიტიკაში წინსვლისთვის გამოიყენა.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდიმ განაცხადა, რომ ერნანდესმა „ბოროტად გამოიყენა ჰონდურასის პრეზიდენტის თანამდებობა, რათა ემართა ქვეყანა, როგორც ნარკოსახელმწიფო, სადაც ძალადობრივ ნარკოკარტელებს უფლება ჰქონდათ, ემოქმედათ დაუსჯელად, ხოლო შედეგებს ჰონდურასისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა იმკიდა”.

ერნანდესი ჰონდურასის პრეზიდენტი 2014 წლიდან 2022 წლამდე იყო.