ამერიკელი პროკურორები აცხადებენ, რომ მექსიკელმა ნარკობარონმა, ელ-ჩაპომ ჰონდურასის პრეზიდენტის ძმას ქრთამის სახით მილიონი დოლარი მისცა
ამერიკელი პროკურორები აცხადებენ, რომ მექსიკელმა ნარკობარონმა, ელ-ჩაპომ ჰონდურასის პრეზიდენტის ძმას ქრთამის სახით მილიონი დოლარი მისცა

ამერიკელი პროკურორები იუწყებიან, რომ მექსიკელმა ნარკობარონმა, ელ-ჩაპომ ჰონდურასის პრეზიდენტის ძმას ქრთამის სახით მილიონი დოლარი მისცა. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ჰონდურასის პრეზიდენტის ძმის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლოზე გაასაჯაროეს.

პროკურორების მტკიცებით, ხუან ანტონიო ერნანდესი საერთაშორისო მასშტაბის ნარკობარონებისგან ქრთამის სახით მილიონობით დოლარს იღებდა. მათ შორის იყო მექსიკელი ნარკობარონი ელ-ჩაპო და სინალოას კარტელი.

ჰონდურასის პრეზიდენტის ძმა გასული წლის ნოემბერში, მაიამიში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. მას ერთდროულად რამდენიმე კრიმინალურ საქმიანობაში ადანაშაულებენ. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შეტანა და გავრცელება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს ბრალდებას უკვე გამოეხმაურა ჰონდურასის პრეზიდენტი. ხუან ორლანდო ერნანდესმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდება საფუძველს მოკლებული და აბსურდულია.

თუმცა, არალეგალურ საქმიანობას თავად ჰონდურასის პრეზიდენტის სახელიც უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ ლათინური ამერიკის ქვეყანაში პირველი პირის გადადგომის მოთხოვნის მასშტაბური ტალღა აგორდა, მიზეზი კი მის გარშემო არსებული სკანდალი იყო, რომლის მიხედვითაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული თანხით ფინანსდებოდა. თავად პრეზიდენტი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

ჰონდურასი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ნარკოტიკული საშუალებების სატრანზიტო მთავარი ქვეყანაა. ამის გამო კი ქვეყანაში ძალადობისა და სიღარიბის მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ჰონდურასი ათასობით ადამიანმა დატოვა.

დატოვე კომენტარი