ჰონდურასში შეიარაღებულ თავდასხმას სამი სამართალდამცველი ემსხვერპლა
ჰონდურასში შეიარაღებულ თავდასხმას სამი სამართალდამცველი ემსხვერპლა

ჰონდურასში შეიარაღებულ თავდასხმას სამი სამართალდამცველი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა კრიმინალური დაჯგუფება „მს-13“-ის ლიდერ ალექსანდრ მენდოზას გასათავისუფლებლად 20-მდე პირმა განახორციელა.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო უნიფორმაში გადაცმულმა პირებმა იერიში ბადრაგზე იმ დროს მიიტანეს, როდესაც მენდოზა სასამართლო პროცესზე გადაჰყავდათ.

„ელ პორკის“ სახელით ცნობილი ალექსანდრ მენდოზა 2015 წელს დააპატიმრეს და უკანონო ფორმირების წევრობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გაქცეული პატიმრის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ჰონდურასის პრეზიდენტმა 80 ათასი დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა.

„მს-13“ და მისი კონკურენტი „მარა 18“ ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფებებია.

„მს-13“ ლოს-ანჯელესში 1980-იან წლებში სალვადორელებმა დააფუძნეს, რის შემდეგაც დაჯგუფებამ პოპულარობა ჰონდურასსა და გვატემალაშიც მოიპოვა.

დატოვე კომენტარი