აშშ ჰონდურასის მოქალაქეებისთვის „დროებით დაცული პირების“ სტატუსს აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „დროებით დაცული პირის“ სტატუსი განსაკუთრებულ საიმიგრაციო წესებს ითვალისწინებს. ჰონდურასის მოქალაქეებისთვის აღნიშნული სტატუსი 2020 წლის 5 იანვრიდან გაუქმდება.
ამგვარად, უახლოესი 18 თვის განმავლობაში, იმ ჰონდურასელებს, რომლებსაც აშშ-ში „დროებით დაცული პირის“ სტატუსი გააჩნიათ, შეეძლებათ, დატოვონ ქვეყანა ან სხვა საიმიგრაციო სტატუსი მიიღონ. როგორც Reuters-ი წერს, აშშ-დან დეპორტაცია 57 ათას ჰონდურასელს ემუქრება.
ჰონდურასის მოქალაქეებს „დროებით დაცული პირების“ სტატუსი დამანგრეველი ქარიშხლის „მიტჩის“ შემდეგ მიანიჭეს. არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ ჰონდურასის მოსახლეობა აღარ იმყოფება ისეთ მძიმე პირობებში, როგორც ეს სტიქიის შემდგომ პერიოდში იყო.
„დროებით დაცული პირების“ სტატუსის მქონე ადამიანებს აშშ-ში დროებით ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვთ.
The Washington Post-ის მონაცემებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით დაცული პირების სტატუსი სალვადორის, ჰაიტისა და ნეპალის მოქალაქეებს გაუუქმა.