„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, საქართველო მისაბაძი მაგალითია ევრაზიის რეგიონში
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, საქართველო მისაბაძი მაგალითია ევრაზიის რეგიონში

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის ავტორია რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მკვლევარი ასისტენტი ალექსის მრაჩეკი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ალექსის მრაჩეკი აღნიშნავს, რომ 2019 წლის აქტიური საპროტესტო აქციების გათვალისწინებით, ეს არჩევნები დიდი ალბათობით ხმაურიანი და ვნებათაღელვით აღსავსე იქნება.

„2020 წლის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა ანაკლიის პორტის პროექტის ბედი, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და საქართველოს მისწრაფებები ნატო-სთან დაკავშირებით. 2020 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ასევე საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სთან დაკავშირებით, განამტკიცოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები და უბიძგოს საქართველოს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორის პოვნისკენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ავტორი წერს, რომ საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პირველ რიგში, საქართველომ ავღანეთსა და ერაყში დაამტკიცა, რომ იგი სანდო მოკავშირეა – წლების განმავლობაში ორივე მისიის მხარდაჭერის ფარგლებში, ათასობით ქართველი მებრძოლი გაიგზავნა.

ავტორი ასევე ხაზს უსვამს საქართველოს მდებარეობას. „საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის გასაყარზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე გადის ნავთობისა და გაზის საკვანძო მილსადენები, სარკინიგზო მარშრუტები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ მილსადენთა რიცხვშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსას ნავთობსადენები, ასევე სამხრეთის გაზის სატრანზიტო დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, როგორც ანგარიშში  წერია, რეგიონში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, საქართველო მისაბაძი მაგალითია ევრაზიის რეგიონში. თითქმის 20 წლის განმავლობაში საქართველო ადასტურებს ერთგულებას ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მთავარ პრიორიტეტებზეც არის ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე.

პირველი ასეთ პრიორიტეტად დასახელებულია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა.

როგორც ავტორი წერს, ბოლო წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში არ წყდება ვნებათაღელვა.

„2019 წლის ივნისიდან მოყოლებული, ათობით საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის მიზეზებს შორის არის რუსეთის დუმის წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ლგბტ პირების უფლებები და რამდენიმე ქართველი ლიდერის გადადგომის მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში დაიწყო საპროტესო აქციები, საქართველოს მთავრობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, გამოვიდა ინიციატივით, 2024 წლის ნაცვლად, 2020 წლისთვის სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. თუმცა, ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა ჩააგდო. შედეგად, ხსენებული თარიღი ისევ 2024 წლისთვის გადაიწია. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში არსებითი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება, დადგეს კიდევ უფრო არასტაბილური პოლიტიკური ვითარების წინაშე. საქართველო არის იმედის ნაპერწკალი ევრაზიის რეგიონში, რადგან მისი დემოკრატიული ძალისხმევა რადიკალურად განსხვავდება მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სიტუაციისგან“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები საქართველოს დემოკრატიული განვითარების შემადგენელი ნაწილია, თუმცა ამ მხრივ 2020 წლისთვის უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემაც სასარგებლო იქნებოდა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიული გეზის და ქვეყანაში მომავალი არჩევნების ჩატარების მხარდასაჭერად თავისუფალ და სამართლიან გარემოში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ხუთიდან მეორე პრიორტეტია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა.

ანგარიშში ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით.

„1996 წლიდან, როცა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” დაიწყო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნება, 2019 წლამდე საქართველომ გადაინაცვლა „ეკონომიკურად რეპრესირებული“ კატეგორიიდან „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში. საქართველოს მაჩვენებლები რეკორდულია, რადგან სულ რაღაც 13 წელიწადში 124-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა. უკვე წლებია, რაც აშშ განიხილავს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას. წელს დადგა მისი გაფორმების დრო. ამან უნდა ცხადყოს ხელშესახები მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელსაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს ამერიკულ მისიაში ავღანეთში. საქართველო-აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავება ცარიელ ადგილზე როდი დაიწყება. ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების, ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო-ხელშეკრულების გარდა, უკვე მიმდინარეობს მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მხოლოდ გააღრმავებს ისედაც მტკიცე სავაჭრო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. წელს ეს საკითხი უნდა იქცეს ტრამპის ადმინისტრაციის და კონგრესის პრიორიტეტად“, – აღნიშნავს ავტორი.

ხუთი პრიორიტეტიდან მესამე ადგილზეა ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაიდო პირობა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მოგვიანებით, იმავე წელს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში. რუსეთი დღესაც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ოკუპაციას. საქართველო დღესაც არ არის ნატო-ს წევრი, რის გამოც კიდევ უფრო დაუცველია რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს. 2008 წლის სექტემბერში დაარსებული ნატო-საქართველოს კომისია არის „პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმი, რომელიც ზედამხედველობს ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ავტორი ასევე წერს, რომ გარდა ამისა, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო ნატო-ს წევრებს წარუდგენს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას რეფორმების სხვადასხვა ამოცანასთან დაკავშირებით რჩევის მისაღებად.

„გარდა ამისა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და დახმარება სამომავლო გაწევრიანებისთვის მომზადებაში. რადგან საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატო-მ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად. ამისთვის კი, ნატო-მ ცვლილებები უნდა შეიტანოს 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში, რომელიც განმარტავს მე-5 მუხლის ძალით დაცული სპეციალური ტერიტორიების რაობას. ამით, მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვა დროებით მოეხსენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს და სრულიად საქართველო შევა ნატო-ში. სანამ რუსეთი ხელს არ აიღებს ოკუპირებული რეგიონების კონტროლზე, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები მიენიჭება მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. საქართველო არის ნატო-ს დაფასებული პარტნიორი და აშშ-მა უნდა წაახალისოს საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

მეოთხე პრიორიტეტია თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება.

ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცეა ევრაზიის რეგიონში.

„2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის დროს ერაყში განთავსებულ მებრძოლთა რაოდენობით საქართველო მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდებოდა. უფრო მეტიც, როცა 2012 წელს ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანას გაჰყავდა ჯარები ავღანეთიდან, საქართველომ, პირიქით, მეტი სამხედრო გააგზავნა. გარდა ამისა, ერთ სულ მოსახლეზე პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველომ ავღანეთში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. 2019 წლის დეკემბერში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის დროს დაშავდა ხუთი ქართველი მებრძოლი. დღეს კი, ავღანეთში მსახურობს 870 ქართველი მებრძოლი, რაც წარმოადგენს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილ წვლილს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. აშშ აფასებს საქართველოს, როგორც პარტნიორს. 2008 წლის შემდეგ ამერიკამ 750 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო საქართველოს სამხედრო დახმარების სახით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, როგორც ავტორი წერს, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.

„2017 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა „ჯაველინის“ ტიპის 400-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის მიყიდვა საქართველოსთვის, ხოლო 2018 წელს – „სტინგერის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექტების მიყიდვა. გარდა ამისა, 2017 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ხოლო 2018 წელს ამერიკელმა სამხედრო მრჩევლებმა დაიწყეს კონსულტაციების მიწოდება საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალისთვის. საქართველოსთან და მის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის კუთხით, აშშ სწორ გზაზე დგას და ახლა აუცილებელია თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, მეხუთე პრიორიტეტად ანგარიშში დასახელებულია საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით.

ავტორი განმარტავს, რომ 2017 წელს დაიწყო აშშ-საქართველოს ერთობლივი ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაზე.

„2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის შედეგად, შესაძლებელი უნდა იყოს 10,020 ფუტის ეკვივალენტი ერთეულის გატარება. გეგმის თანახმად, პორტის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2021 წლისთვის, თუმცა პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, რომელსაც 2016 წლის ოქტომბერში მიენიჭა პორტის მშენებლობის უფლება, ვერ შეასრულა საკონტრაქტო პირობები 2019 წლის ბოლომდე, რის გამოც საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა პროექტის შეჩერება, თუმცა დროებით, ვიდრე არ მოიძებნება ახალი ინვესტორი“, – წერს ავტორი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა უბიძგოს საქართველოს ახალი ინვესტორის პოვნისკენ, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში.

„საქართველოს სჭირდება ეს პორტი, რომელიც გამოიყენებს ქვეყნის გამოუყენებელი ლოგისტიკური პოტენციალის დიდ ნაწილს და კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიო რუკაზე. ეს კი დიდად დაეხმარება ქვეყანას, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ანაკლიის პორტი გააღრმავებს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. კონგრესმა და ადმინისტრაციამ უნდა წაახალისონ და მოუწოდონ საქართველოს, იპოვოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, განაახლოს პროექტის განხორციელება და ბოლომდე მიიყვანოს ის“, – აღნიშნულია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.