გრიგოლ გეგელია - ტრამპთან დალაგების ნაცვლად, „ოცნებამ“ აშშ-ის კონგრესისგან მძიმე დარტყმა მიიღო
წარმომადგენელთა პალატის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერილი აქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტებს ავალებს, წარადგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და მათთან შესაძლო თანამშრომლობას ეხება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მკაფიო დასტური, რომ აშშ აღრმავებს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესს საქართველოსადმი და ამავე დროს აცნობიერებს, რომ „ოცნების“ რეჟიმის პირობებში საქართველო გახდა მტრულ რეჟიმთა პლაცდარმი.
„რეჟიმის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ისინი ამერიკასთან ნორმალიზებას შეძლებდნენ, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი აშშ-ის მიერ აღქმულია, როგორც უსაფრთხოების რისკების წყარო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტს დაუჭირა მხარი წარმომადგენელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ორივე პარტიიდან. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ბრაიან მასტის მწვავე შეფასებები, რომ „ჩინური კონსორციუმის შერჩევა [ანაკლიის] მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში“ შეიცავს საფრთხეებს და რისკებს ქართული და ამერიკული ეროვნული ინტერესებისთვის, საგულისხმო იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის განცხადება ანაკლიასა და შუა დერეფანთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკა არის ღრმად დაინტერესებული შუა დერეფნის და ანაკლიის განვითარებით, საქართველოს ჩართვით ტრამპის სახელობის კეთილდღეობის და მშვიდობის გზაში, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებით და რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით. რაც მნიშვნელოვანია, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ახალი აქტის ანალოგიური ჩანაწერი გაკეთდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომლის მეშვეობით კანონმდებლები აშშ-ის აღმასრულებელს, თეთრ სახლს, პენტაგონს და სხვა ინსტიტუტებს პრაქტიკულად პირდაპირ ავალებენ, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ საქართველოში არსებული ვითარება. კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აგრეთვე ავალებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც შეაფასებს აშშ-ის დაფინანსებას და სამხედრო, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების შესაძლო გადახედვას. იდენტური შინაარსის ჩასმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზების აქტში, რომელიც ე.წ. აუცილებლად დასამტკიცებელი საკანონმდებლო პაკეტია, ზრდის შანსებს, რომ ის სულ მალე გახდეს კანონი“, – განაცხადა გეგელიამ.