ჰაკერები აცხადებენ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის სცენარი მოიპარეს
ჰაკერები აცხადებენ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის სცენარი მოიპარეს

ჰაკერების ჯგუფი ამტკიცებს, რომ HBO-ს სატელევიზიო სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის სცენარი მოიპარეს – ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ჰაკერები აცხადებენ, 1,5 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაციაზე წვდომა მიიღეს და ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში უკვე გამოაქვეყნეს. მათი თქმით, უახლოეს მომავალში ინტერნეტში უფრო მეტ ვიდეოსა და ტექსტს განათავსებენ.

წერილში, რომელიც ჰაკერებმა ამერიკულ გამოცემა Entertainment Weekly-ში გაგზავნეს, ჰაკერები ინტერნეტის მომხმარებლებს მოუწოდებენ, მათ მიერ მოპარული ინფორმაცია აქტიურად ჩამოტვირთონ და გაავრცელონ.

„სალამი მთელ კაცობრიობას. კიბერსივრცის ისტორიაში ინფორმაციის ყველაზე დიდი გაჟონვა მიმდინარეობს“, – ნათქვამია ჰაკერების განცხადებაში.

Entertainment Weekly-ს ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ჰაკერებს შესაძლოა, „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის მეოთხე სერიის სცენარი აქვთ.

როგორც BBC აღნიშნავს, ვერ ადასტურებს ფაქტს, ჰაკერები ნამდვილად ფლობენ თუ არა სერიალის შესახებ რაიმე ინფორმაციას.

ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, HBO-ში აცხადებენ, რომ ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

„ვმუშაობთ სამართალდამცავ ორგანოებთან და სხვა უწყებებთან, რომლებიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ“, – აცხადებენ HBO-ში.

სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მიხედვითაა გადაღებული, რომლის ავტორი ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინია.