მედიის ცნობით, აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებზე რუსი ჰაკერების თავდასხმები განხორციელდა
მედიის ცნობით, აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებზე რუსი ჰაკერების თავდასხმები განხორციელდა

აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე, კერძო კომპანიებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსმა ჰაკერებმა მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელეს. უცხოურ მედიის ცნობით, ამის შესახებ იუწყება ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის კიბერსამსახური.

„ბიბისის“ ცნობით, ერთ-ერთი ბოლო უწყება, რომელმაც კიბერშეტევის შესახებ განაცხადა, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტია. უწყების განცხადებით, ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს გარკვეულ მასალებზე. აღნიშნული დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია ბირთული იარაღები. თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, არსენალის უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნია.

სისტემაში მავნებელი პროგრამების კვალი აღმოაჩინეს კომპანია „მაიკროსოფტშიც“. როგორც „ბიბისი“ წერს, თავდასხმის უკან რუსეთის ხელისუფლებას მოიაზრებენ.

კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა აშშ-ის სახაზინო და ვაჭრობის დეპარტამენტიც. კიბერთავდასხმების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოება მისი ადმინისტრაციის „პრიორიტეტი“ იქნება.