ჰაბლმა გადაიღო „აინშტაინის რგოლი“, რომელიც ჩვენგან 9,4 მლრდ სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკას გვიჩვენებს — #1tvმეცნიერება
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აინშტაინის რგოლი, რაც კი ოდესმე გვინახავს, გვიჩვენებს თუ რა ხდება გალაქტიკაში, რომელიც თითქმის დროის დასაბამის პერიოდისაა.
სინათლის ლაქები, რომლებსაც გამდნარ რგოლებს უწოდებენ, გრავიტაციული ველების მიერ არის გაჭიმული და გამრუდებული; წარმოადგენს იმ გალაქტიკის გადიდებულ და დუბლირებულ გამოსახულებებს, რომლის სინათლესაც ჩვენამდე მოსაღწევად 9,4 მილიარდი წელიწადი დასჭირდა. ასეთი გადიდება ადრეული სამყაროს უიშვიათეს ხედებს გვთავაზობს.
სამყაროს ადრეული ევოლუციის კვლევა საკმაოდ რთულია. სამყარო დაახლოებით 13,8 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, პირველი სინათლე კი 1 მილიარდი წლის შემდეგ გამოჩნდა. იმ პერიოდის სინათლე დღეს ძლიერ მკრთალია, მისი წყაროები კი პატარაა და უმეტესად მტვრით დაბინდული.
ასეთ შორეულ სივრცე-დროში ძლიერ კაშკაშა ობიექტთა დანახვაც კი წარმოუდგენლად რთულია და შესაბამისად, ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, როგორ ჩამოყალიბდა სამყარო პირველყოფილი „სოუზიდან“.
თუმცა, ხანდახან თავად სამყარო გვიწვდის დახმარების ხელს. თუ ჩვენსა და შორეულ ობიექტს შორის რაიმე მკვრივი ობიექტია მოთავსებული, მის გარშემო სივრცე-დროის გრავიტაციული გამრუდების გამო, ხდება გადიდების ეფექტი.
ამის შემდეგ, ამ სივრცე-დროში გამოვლილი ნებისმიერი სინათლე მრუდდება და ჩვენს ტელესკოპებში ლაქებად, დამახინჯებულად შემოდის, მაგრამ ამავე დროს, არის გადიდებული და დუბლირებული. ამას აინშტაინის რგოლებს უწოდებენ, რადგან ეს ეფექტი ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა.
თავად ამ ფენომენს გრავიტაციულ ლინზირებას უწოდებენ; გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად გასაოცარ ფოტოებს გვთავაზობს, ჩვენს გამადიდებელ ხელსაწყოებს, ანუ ტელესკოპებს თავად სამყაროს ბუნებრივი გამადიდებლებიც ეხმარება ისეთი რამეების დანახვაში, რომლებსაც ალბათ საერთოდ ვერ დავინახავდით.
გამდნარი რგოლი, სახელად GAL-CLUS-022058s, სწორედ ერთ-ერთი ასეთი აინშტაინის რგოლია, რომელსაც ღუმელის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე უზარმაზარი გალაქტიკათგროვის გარშემო არსებული გრავიტაციული ველი ადიდებს. ეს ეფექტი იმდენად მძლავრია, რომ შორეული გალაქტიკა ოთხ დამახინჯებულ სურათად ჩანს, თანაც 20-ჯერ გადიდებულად.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით დაკვირვებისას მიღებული ფოტოები იმდენად დეტალური და მკვეთრია, როგორც 48-მეტრიანი ტელესკოპით გადაღებისას იქნებოდა. შედეგად, ესპანეთის ქალაქ კარტახენას პოლიტქნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ანასტასო დიას-სანჩესის ხელმძღვანელობით გაარკვია, რომ ამ გალაქტიკის სინათლემ 9,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილი გამოიარა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის იმ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებლით მიმდინარეობდა ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი, ათასჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე დღეს მიმდინარეობს ირმის ნახტომში. სამყაროს ისტორიის ამ ვარსკვლავთწარმომქმნელი პერიოდის შესწავლა დღევანდელ გალაქტიკათა ჩამოყალიბების ამბის გარკვევაშიც უნდა დაგვეხმაროს. როგორც წესი, ასე შორეულ გალაქტიკებს კარგად ვერ ვხედავთ; გარდა მანძილისა, ისინი ძალიან მტვრიანებიც არის.
ჰაბლის ფოტოების წყალობით, მკვლევრებმა ლინზირების ეფექტის მოდელირებით შეძლეს სინათლის ლაქებისა და მისი დუბლიკატების გაშიფვრა და იმ გალაქტიკის მიგნება, რომელიც მათ წარმოქმნიდა.
„ასეთი მოდელის მიღწევა მხოლოდ ჰაბლის წყალობით არის შესაძლებელი. კერძოდ, ჰაბლი დაგვეხმარა ლინზირებული გალაქტიკისა და მისი ვარსკვლავთგროვების ოთხი დუბლიკატი ფოტოს იდენტიფიცირებაში“, — ამბობს დიას-სანჩესი.
შედეგად კი გაირკვა, რომ ეს გალაქტიკა წარმოადგენს მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთწარმომქმნელ გალაქტიკას (კორელაცია გალაქტიკის მასასა და ვარსკვლავთწარმოქმნის მაჩვენებელს შორის); წელიწადში იქ ჯამში 70-170 მზის მასის ახალი ვარსკვლავი იბადება. შედარებისათვის გეტყვით, რომ ირმის ნახტომში წელიწადში მხოლოდ რამდენიმე მზის მასის ახალი ვარსკვლავი იბადება.
ადრეული სამყაროს შესახებ ჯერ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით, არც ის, როგორ იბადებოდნენ ვარსკვლავები; თუმცა, ამ საიდუმლოთა ამოხსნაში დიდად გვეხმარება ასეთი რგოლები.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.