ჰაბლის მიერ აღმოჩენილი გალაქტიკათგროვა, რომელსაც სამი მილიონი მილიარდი მზის მასა აქვს
2014 წელს, NASA/ESA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომებმა ეს გალაქტიკათგროვა აღმოაჩნეს, რომლის მასაც სამი მილიონი მილიარდი მზის მასას უდრის. შესაბამისად, ზედმეტსახელად El Gordo უწოდეს (ესპანურად „მსუქანი“). მისი ოფიციალური სახელია ACT-CLJ0102-4915 და წარმოადგენს უდიდეს, ყველაზე ცხელ და კაშკაშა რენტგენული გამოსხივების გალაქტიკათგროვას სამყაროში ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
გალაქტიკათგროვები სამყაროს უდიდესი ობიექტებია, რომლებიც გრავიტაციითაა შეკრული. წარმოიქმნება მილიარდობით წლის განმავლობაში, როდესაც გალაქტიკათა პატარა ჯგუფები ერთად იყრიან თავს.
2012 წელს, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის Very Large Telescope-ით, NASA-ს ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიიდან და ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპით განხორციელებული დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ სინამდვილეში, ელ-გორდო შედგება ორი გალაქრტიკათგროვისგან, რომლებიც ერთმანეთთან შეჯახების პროცესში იმყოფებიან, მილიონობით კმ/სთ სიჩქარით.
გალაქტიკათგროვების ფორმაცია ძლიერ დაკავშირებულია ბნელ მატერიასთან და ბნელ ენერგიასთან; შესაბამისად, მსგავსი გროვების შესწავლას შეუძლია სინათლე მოჰფინოს ამ მოუხელთებელ ფენომენს (ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას).
2014 წელს, ჰაბლმა დაადგინა, რომ ელ-გორდოს მასის უმეტეს ნაწილს შეადგენს იდუმალი ბნელი მატერია. როგორც მტკიცებულები მიუთითებს, ელ-გორდოს „ნორმალური“ მატერია, რომელიც ძირითადად შედგება რენტგენული გამოსხივების ტალღის სიგრძეში მოკაშკაშე ცხელი გაზისგან — იფლითება ბნელ მატერიასთან შეჯახების შედეგად. ცხელი გაზების მოძრაობა ნელდება, ბნელი მატერიის კი არა.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით