გვაიგნორებენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები - ვართ თუ არა მათი გალაქტიკური ზოოპარკის ტყვეები
რატომ არ მიიღო დედამიწამ ამ დრომდე რაიმე შეტყობინება არამიწიერი ცივილიზაციებისგან? შესაძლოა იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ე. წ. გალაქტიკურ ზოოპარკში.
ეს გახლავთ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის სცენარი, რომელიც მათ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინეს. შეხვედრა გაიმართა პარიზში, არაკომერციული ორგანიზაცია „შეტყობინება არამიწიერ ცივილიზაციას“ (METI) ეგიდით. შეხვედრას ესწრებოდა 60 მეცნიერი, რომლებიც იკვლევენ კომუნიკაციის გზებს ჰიპოთეტურ გონიერ არამიწიერ ცივილიზაციებთან.
შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საგანი იყო „დიდი მდუმარება“ — ანუ, რატომ არ გვეკონტაქტებიან უცხოპლანეტელები აქამდე; კონკრეტულად კი კვლევა ძირითადად ეხება ერთ-ერთ შესაძლო ვერსიას, ე. წ. ზოოპარკის ჰიპოთეზას. ეს მოსაზრება პირველად 1970-იან წლებში წამოაყენეს და მიიჩნევს, რომ დედამიწა უკვე არის „გალაქტიკური ზოოპარკის მფლობელთა“ დაკვირვების ქვეშ, რომლებიც იმდენად განვითარებულები არიან, რომ განზრახ ნიღვაბენ თავს, რათა ადამიანებმა არ დავაფიქსიროთ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედამიწა ერთადერთი იყოს ჩვენი გალაქტიკის მილიარდობით პლანეტას შორის, სადაც გონიერი სიცოცხლე განვითარდა. თუმცა, თუკი გონიერი არამიწიერი არსებები სხვაგანაც არიან, სად არიან ისინი და რატომ ვერ ვიპოვეთ ამ დრომდე? ეს თავსატეხი 1950 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა ენრიკო ფერმიმ წამოსწია. მას ფერმის პარადოქსს უწოდებენ და დღემდე გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს მკვლევრებს.
ფერმი ვერ მოესწრო ეგზოპლანეტათა მტკიცებულებებს, რომლებიც მისი გარდაცვალებიდან ათეულობით წლების შემდეგ აღმოაჩინეს. 2014 წლიდან ოპერირება დაიწო ნასას კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელმაც 3000-ზე მეტი ეგზოპლანეტა, ანუ სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტა აღმოაჩინა. მიუხედავად ამდენი და უაღრესად ამაღელვებელი ეგზოპლანეტების აღმოჩენისა, არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტს ისეთივე პერსპექტივა აქვს დღეს, როგორც ათეულობით წლის წინ, ენრიკო ფერმის დროს ჰქონდა.
ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც მეცნიერები შეხვედრაზე იკვლევდნენ, არის ის, რომ უცხოპლანეტელებმა კარგად იციან დედამიწის შესახებ და უფრო მეტიც, ისევე გვაკვირდებიან, როგორც ჩვენ ვაკვირდებით ცხოველებს ზოოპარკში. METI-ს პრეზიდენტის, დუგლას ვაკოჩის განცხადებით, თუ ეს მართლაც ასეა, ადამიანებს მოგვიწევს გავზარდოთ ძალისხმევა, რათა შევქმნათ შეტყობინება, რომელსაც ჩვენი „მომვლელები“ გაიგებენ, რითიც მათ ჩვენს ინტელექტს ვაჩვენებთ.
მაგალითად, თუკი დატყვევებული ზებრა უცბად მარტივი რიცხვების ცოდნის უნარს გამოავლენს, ადამიანებს მოუწევთ, ხელახლა შეაფასონ მათი მიდგომა ზებრის ცნობიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იძულებული ვიქნებით, გავცეთ პასუხი.
თუმცა, ხომ შეიძლება, ჩვენ სულაც არ ვცხოვრობთ გალაქტიკურ ზოოპარკში, მაგრამ არამიწიერმა ცივილიზაციებმა კარგად იციან ჩვენ შესახებ და „კარანტინში“ ვყავართ ჩვენი გალაქტიკური მეზობლებისგან?
მკვლევარ ჟან-პიერ როსპარის აზრით, შესაძლებელია, რომ არამიწიერი ცივილიზაციები აქტიურად ახდენენ ჩვენს იზოლაციას მათთან კონტაქტისგან, რადგან უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა დედამიწისთვის „კულტურულად დამანგრეველი“ იქნება.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისიც, რომ უცხოპლანეტელთაგან ამ დრომდე არაფერი გვესმის იმიტომ, რომ ისინი „ჩაჭედილი“ არიან ზედაპირქვეშა ოკეანეებში, ანდაც უზარმაზარი, სუპერდედამიწის ტიპის უმძლავრეს გრავიტაციაში. არ არის გამორიცხული, რომ მათი მოწინავე ცივილიზაციები უკვე გადაშენდა — საკუთარი თავი გაანადგურეს, რაც ჩვენს ცივილიზაციასაც ემუქრება თუ გავითვალისწინებთ პლანეტის რესურსების დაუდევრად, დიდი ოდენობით მოხმარებას.
უცხოპლანეტელთა „ხმის“ გასაგებად იქნებ უბრალოდ მოთმინება და მოცდა გვჭირდება? დედამიწა 4,6 მილიარდი წლისაა და არამიწიერ ცივილიზაციათა კვლევა ხომ ჯერ სულ რაღაც 100 წელიწადს ითვლის.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.