გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პროგრამის პრეზენტაცია გურჯაანში გამართეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „რუკა მაპინგი“ განახორციელებს, რომელიც უკვე შეუდგა მონაცემების შეკრებასა და ორთო-ფოტოების გადაღებას.
შეხვედრას პორტუგალიელი ექსპერტი ანა ლუჟი დაესწრო, რომელიც 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონსულტანტად იმუშავებს ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების მიმართულებით.
ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. ამ პერიოდში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818,2 ჰექტარი ვენახი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.
შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ.