სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ლია ოსიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის შტაბის წევრებს შვილის მიმართ მუქარაში ადანაშაულებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ლია ოსიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის შტაბის წევრებს მისი შვილის მიმართ მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.

ოსიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა, ზურაბ ოსიაშვილმა „ევროპული საქართველო“ პროტესტის ნიშნად დატოვა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციიდან ოთარ ბეციაშვილი დაუკავშირდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

„წაიყვანეს მოტყუებით, დაალევინეს ალკოჰოლი და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს ეთქვა, ვითომ წინა დღეებში გაკეთებული განცხადება „ევროპული საქართველოდან“ წამოსვლისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიგებში გადასვლის შესახებ, ძალოვანი სტრუქტურების, კერძოდ კი, პოლიციისა და უშიშროების მუქარის შედეგი იყო“, – აღნიშნავს ლია ოსიაშვილი და ამბობს, რომ მისი შვილის ინტერვიუ დღეს „კურიერში“ გავიდა.

ამასთან, დედის თქმით, ზურაბ ოსიაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მისთვის ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

„ჩემს შვილზე მუქარებს არავის შევარჩენ. დავით ბაქრაძის მხარდამჭერები ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ნაციონალებს“ შეუერთდნენ, მათი აღარ გვჯერა“, – ამბობს ლია ოსიაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ოთარ ბეციაშვილის მიერ მისი შვილის ტელეფონზე გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, ბეციაშვილი წერს მის შვილს, რომ „რუსთავი 2“-ზე მის გამოსვლას უყურა და ცუდი ჩანაწერი იყო.

ამ საკითხზე ზურაბ ოსიაშვილი გურჯაანის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და უარყოფენ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციაში.