კანონმდებლობაში „ვენახების ერთიანი კადასტრის“ ტერმინი შემოდის
კანონმდებლობაში „ვენახების ერთიანი კადასტრის“ ტერმინი შემოდის

„„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით, „ვენახების ერთიანი კადასტრის“ ტერმინის განმარტება ხდება.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის შესახებ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ღვინის სააგენტომ ბევრი იმუშავა, რათა ვენახების ერთიანი კადასტრი მომზადებულიყო. ნინო თანდილაშვილის თქმით, ამ მიზნით აღმოსავლეთ საქართველოში ეს პროცესები ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა, თუმცა საკანონმდებლო დონეზე ვენახების ერთიანი კადასტრის მომზადების საკითხები დარეგულირებული არ იყო.

„შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე აისახება ინფორმაცია, რომ ქვეყანას ვენახების ერთიანი კადასტრი ექნება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ქართული ღვინისა და ყურძნის ჯიშების მიკვლევადობა გავზარდოთ და ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო, რაც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

„„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა 82 ხმით მიიღო.