გურამ რჩეულიშვილი - პირობას ვიძლევი, ბინით ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება
„ცენტრ-პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, ბინას ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს.
რჩეულიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კომპანია m2-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა.
„კომპანია m2-ს მივაწოდეთ დამუშავებული სურათი და ვანახეთ, რომ მიმზიდველი პროექტია“, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მისი თქმით, ხელშეკრულების თანახმად, „ცენტრ-პოინტი“ დამკვეთია, ხოლო m2 შემსრულებელი.
„ჩვენ ვართ შემკვეთი და m2 არის შემსრულებელი. ჩვენ გადავცემთ ფართებს, ისინი ასრულებენ ვალდებულებებს. ყველა დაცულია. პირობას ვიძლევი, სადაც ერთი დაზარალებული მაინც არის „ცენტრ-პოინტის“ ობიექტზე, ყველა დაკმაყოფილებული იქნება“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დადასტურდა მაია რჩეულიშვილის სიტყვები, რომელიც ამტკიცებდა, რომ არსებული ქონების საშუალებით ყველა ვალდებულება დაიფარებოდა.
„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე კომპანიის დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
„ცენტრ-პოინტის“ მიერ წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 კომპანიის მშენებლობებს დაასრულებს და ბინას ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს. 4 000 ოჯახი 3 წლის განმავლობაში ბინებით ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.