გურამ მაჭარაშვილი - ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის მასშტაბები არ უნდა გაიზარდოს, დმანისში ადგილობრივებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი დმანისში მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებს, ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.
როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, პოლიცია ვითარებას აკონტროლებს.
„ადგილობრივებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის მასშტაბები არ უნდა გაიზარდოს. იმედი გვაქვს, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, ამ საზოგადოების დამშვიდებას. ისეთი პრობლემა არ არსებობს, რომელიც არ შეიძლება, შეთანხმებით არ დასრულდეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დმანისში, სადაც გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა, დაპირისპირებაა.
ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავდა. ისინი გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდა.