გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტის დისკრეციაა ნებისმიერი ადამიანის შეწყალება და მან საკუთარი მოტივაცია განმარტა
გიორგი რურუას მიმართ არანაირ პოლიტიკურ პატიმრობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. პრეზიდენტის დისკრეციაა ნებისმიერი ადამიანის შეწყალება და მან საკუთარი მოტივაცია ახსნა, რის შემთხვევაში მოაწერს ხელს დოკუმენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რურუა პოლიტპატიმარი არც არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება, რადგან სისხლის სამართლის დამნაშავეა.
„რურუა პოლიტპატიმარი არც არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება, რადგან ის ცნობილია სისხლის სამართლის დამნაშავედ. არ შეიძლება, მისი საკითხი განხილული პოლიტიკურ ჭრილში, მართლმსაჯულება თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან. მართლმსაჯულების გადაწყვეტილებაში არ ვერევით, პრეზიდენტი ზეპარტიული ინსტიტუციაა, ის გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი დისკრეციიდან გამომდინარე და როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. მან საკუთარი მოტივაცია თავად ახსნა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას, ამასთან დაკავშირებით მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ მათ მოლაპარაკება და არჩევნები არ აინტერესებთ.
„არ ვიცი, რა ფაქტები შეიძლება, არსებობდეს კიდევ იმის ასახსნელად, რომ მათი სახე, სურვილი კიდევ ერთხელ გაშიშვლდეს, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა ნებისმიერი ფორმით. არანაირი მოლაპარაკება და არჩევნები არ აინტერესებთ, ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.