გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა - მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს
დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.
კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს. გარდა ამისა, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა – გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.
გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით, სამშენებლო კომპანიები – „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ.