კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით
კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ დედაქალაქში დაახლოებით 30 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აქედან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები რიგითი მოქალაქე, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი – გუდიაშვილის განახლებული მოედანი ვაჩუქო თბილისელებს. დაახლოებით 30 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აქედან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 200-მდე ოჯახს დაუბრუნდა განახლებული, რეაბილიტირებული, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გპირდებით, რომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება ძველ თბილისთან მიმართებაში მომავალშიც გაგრძელდება. კულტურული მემკვიდრეობა ის საგანძურია, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ამ ქალაქის, თბილისელების მიმართ. ასეთი მინდა ამ ქალაქის აღმშენებლობა. გაძლევთ პირობას, რომ ჩემს გუნდთან ერთად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსგავს პროექტებს განვახორციელებთ და ბევრ ოჯახს გავახარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნებაში, ასევე, რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მოქალაქეს.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ძეგლების ორნამენტებს, თითოეულ კარსა და ფანჯარას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. წინა ხელისუფლების დროს ეს მოედანი, შენობა-ნაგებობები საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები არიან: ალეკო ელისაშვილი, ცირა ელისაშვილი, თამარ ამაშუკელი, ნინო კორძახია, ანა მარგველაშვილი, თიკო სულაძე, სანდრო სარალიძე, მაგდა ცოცხალაშვილი, გოგა ქართველიშვილი, თეა გალდავა, სალომე ჯაში, ზაზა ბურჭულაძე, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მინდა გავიხსენო ზურაბ ოსმანოვი, რომელიც ამ ძეგლებზე მუშაობდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თითოეულ ორნამენტს, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ავთენტურობა. სამწუხაროდ ის კორონავირუსმა იმსხვერპლა. მადლობა მის ოჯახს და ვუსამძიმრებ მის ახლობლებს.

მადლობა თქვენ, რომ მაძლევთ ძალას, ვემსახურო თბილისს. ჩვენ მთელი ორი თვის მანძილზე ვსაუბრობდით მომავალზე და განვაგრძობთ საუბარს, როგორ წარმომიდგენია ამ ქალაქის განვითარება წინსვლა და აღმშენებლობა. ვერანაირი ქაოსი, დაპირისპირება, და ბოროტება ამას წინ ვერ აღუდგება. ჩვენ სიძულვილსა და ცილისწამებას, რაც მოდის კონკრეტული მედიასაშუალებებიდან, დავუპირისპირებთ ქალაქის მშენებლობას, საქმეს და კონკრეტულ პროექტებს. მე ვიქნები ყველას მერი, მათიც, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს. ეს სჭირდება ჩემს ქვეყანასა და ქალაქს.

დღეიდან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისიამოვნოთ ამ მოედნით, თუმცა, ჩვენი სამუშაოები ამით არ შემოიფარგლება. განვაგრძობთ მიმდებარე ქუჩების განახლებას. უამრავი სახლია სარეაბილიტაციო და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მოედნის და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი 2018 წლის გაზაფხულიდან, პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

რეაბილიტაციის პროცესში, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. ისტორიული ნაშთების ნაწილი – ძველი ნაგებობები, სათავსოები და ჭურჭელი შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართული იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა ცვლილებები საპროექტო დოკუმენტაციაში, რის შედეგადაც, აღდგენილი ისტორიული ძეგლები მაქსიმალურად საინტერესო და დათვალიერებადი გახდება მომავალში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება, ხოლო ქალაქის ისტორიული ნაწილის ქუჩები ტურისტულად აქტიური გახდება, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.

დატოვე კომენტარი