„გარდიანი“ დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილის აღმოჩენის შესახებ წერს
„გარდიანი“ დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილის აღმოჩენის შესახებ წერს

გამოცემა „გარდიანი“ საერთაშორისო სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით წერს დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილის აღმოჩენის შესახებ. მედიის ცნობით, არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოჩენა ამყარებს რეგიონის, როგორც ევროპაში ყველაზე ადრეული პრეისტორიული დასახლების ადგილის სტატუსს.

უძველესი ადამიანის კბილი დმანისის სოფელ ოროზმანთან, დმანისის მახლობლად აღმოაჩინეს, სადაც 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში 1,8 მილიონი წლით დათარიღებული თავის ქალებია ნაპოვნი. დმანისის აღმოჩენები უძველესია აფრიკის გარეთ მსგავს აღმოჩენებს შორის.

გამოცემა წერს, რომ დმანისში გაკეთებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა თავის დროზე შეცვალა ადამიანთა ადრეული ევოლუციისა და მიგრაციის მოდელების შესახებ მეცნიერების წარმოდგენა. ექსპერტების თქმით, 20 კილომეტრის მოშორებით გაკეთებული ბოლო აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას იძლევა, რომ სამხრეთ კავკასიის მთიანი რეგიონი სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც აფრიკიდან წამოსული უძველესი ადამიანები დასახლდნენ.

არქეოლოგთა ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელის, გიორგი ბიძინაშვილის აზრით, ნაპოვნი კბილი ზეზვასა და მზიას ბიძაშვილებს ეკუთვნის – სწორედ ეს სახელები უწოდეს დმანისში 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში აღმოჩენილ უძველესი ადამიანის თავის ქალებს.

მედია წერს, რომ ეს არის უზარმაზარი შედეგი არა მხოლოდ ამ ადგილისთვის, არამედ საქართველოსთვის და 1,8 მილიონი წლის წინ აფრიკიდან მიგრირებული ადამიანების ისტორიისთვის. „ეს ამყარებს საქართველოს სტატუსს, როგორც პალეოანთროპოლოგიისა და ადამიანის ისტორიის ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილისა“, – განაცხადა ბრიტანელმა სტუდენტმა-არქეოლოგმა, ჯეკ პირტმა, რომელმაც ოროზმანში პირველმა აღმოაჩინა კბილი.