კახა კალაძე - მეამაყება, რომ განახლებული გუდიაშვილის მოედნის სახით თბილისს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეემატა
კახა კალაძე - მეამაყება, რომ განახლებული გუდიაშვილის მოედნის სახით თბილისს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეემატა

განახლებული გუდიაშვილის მოედანი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ჩამოსული სტუმრებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედნის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობდა გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

„ძალიან მაგარი პროექტი დავასრულეთ, სამუშაოების პირველი ეტაპი. ეს არის გუდიაშვილის მოედანი. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მთლიანად იქნა რეაბილიტირებული, განახლებული. ხედავთ, როგორ გალამაზდა ეს სივრცე, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში.

მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო პირველ რიგში იმ ბრძოლაში, რომ ეს ტერიტორია შენარჩუნებული ყოფილიყო და ასევე, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ სამშენებლო, სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

მეამაყება, რომ ქალაქს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეემატა ამ მოედნის სახით და დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე სწორად განვითარდება და ძალიან დატვირთული იქნება. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ჩამოსული სტუმრებისთვის.

ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით, მხოლოდ აქ არ ვამთავრებთ მუშაობას. ეს სამუშაოები გრძელდება და ყველა ის შენობა-ნაგებობა რომლებიც სარეაბილიტაციოა, მიმდებარე ქუჩები იქნება განახლებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, დედაქალაქის მთავრობისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი