სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს
სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

ორწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ქვემო ნიქოზში ძვ.წ. 18-17 საუკუნის ყორღანული ტიპის სამარხი აღმოაჩინეს. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, აღმოჩენა უნიკალურია იმ მხრივ, რომ შიდა ქართლის რეგიონში 3 800 წლის წინანდელი შუა ბრინჯაოს ხანის ასე შენახული, ასეთი დიდი ზომის სამარხი პირველადაა აღმოჩენილი.

არქეოლოგების განცხადებით, სამარხი, სავარაუდოდ, ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა, ბელადის იყოს. ამაზე კი მიანიშნებს ის ნივთები, რომელიც სამარხშია აღმოჩენილი.

არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ორი ხარის თავი, ოთხთვალა ეტლის დანახშირებული ნაშთები და სხვადასხვა თიხის ჭურჭელი ნახეს. ჭურჭელში, სავარაუდოდ, სხვადასხვა პროდუქტი უნდა იყოს და მას მიცვალებულს სარიტუალო დანიშნულებით ატანდნენ. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეტლთან უნდა იყოს მიცვალებულის ძვლები.

არქეოლოგიურ გათხრებს გორის უნივერსიტეტისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გიორგი მიმდიაშილი ხელმძღვანელობს და მასში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული.

პროექტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ორ ეტაპად განხორციელდა და კულტურის სამინისტროსა და გორის მერიის მიერ დაფინანსდა.