ენერგოომბუდსმენი გუდაურში მომხდარ ფაქტს უკვე სწავლობს და ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩასვლას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
რამ გამოიწვია საბაგიროს დაზიანება – საქმის მოკვლევაში უკვე ჩაერთო ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შემთხვევა ძაბვის მკვეთრი ვარდნის შედეგად მოხდა, “ენერგო პრო ჯორჯია” კატეგორიულად უარყოფს. სწორედ ამიტომ ენერგოომბუდსმენის აპარატი სათხილამურო კურორტზე მომხდარს უკვე სწავლობს.
„ჩვენი აპარატი საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას. კომპანიიდან აუცილებლად გამოვითხოვთ წერილობით ახსნა-განმარტებას და ტექნიკურ დოკუმენტაციას, სადაც მინიშნებული იქნება ელექტროჟურნალის ამონაწერები გუდაურში ელექტროენერგიის მიწოდებასთან და ძაბვის ცვალებადობასთან დაკავშირებით.
აგრეთვე ადგილზე ჩავალთ და ახსნა-განმარტებას ვთხოვთ თვითონ საბაგიროს ადმინისტრაციას, თუ რატომ წარმოიშვა ეჭვი ძაბვის ცვალებადობასთან დაკავშირებით, საიდან წამოვიდა საერთოდ ეს ინფორმაცია.
ენერგოომბუდსმენის აპარატი ორმხრივად გამოიკვლევს მომხდარს და ადგილზე გაესაუბრება მოსახლეობასაც“, – აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
სამედიცინო დაწესებულებებში რვა მათგანის გადაყვანა გახდა საჭირო, შვიდი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“ გადაიყვანეს.
ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მათგანი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მა გამოძიება დაიწყო.