ენერგოომბუდსმენი გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად არსებულ ვითარებას გაეცნო
ენერგოომბუდსმენი გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად არსებულ ვითარებას გაეცნო

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გურამიშვილის გამზირზე, სადაც კორპუსის აფეთქება მოხდა, არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც ენერგოომბუდსმენმა აღნიშნა, აუცილებელია მოქალაქეების მხრიდან მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა.

„მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, გულისყურით მოეკიდონ სპეციალისტების მითითებას. თუ ლიცენზირებული კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დანადგარი არის საშიში, დაუყოვნებლივ შეცვალონ, რათა არ ჩააყენონ საფრთხეში საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მისივე თქმით, „თბილისი ენერჯისგან“ ოფიციალურ ახსნა-განმარტებას გამოითხოვს ბინაში დამონტაჟებულ კუსტარულად დამზადებული წყლის გამაცხელებლის შესახებ.

„როგორც გაირკვა, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული იყო ღია წვის გამაცხელებელი. აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელი სახლი შემოწმებული იყო და მოქალაქეც გაფრთხილებული, თუმცა დანადგარის შეცვლასთან დაკავშირებით სპეციალისტების დასკვნა არ გაითვალისწინა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დანადგარიდან მოხდა გაზის გაჟონვა, რასაც ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. ქალაქში არის რთული ვითარება. ცივი სეზონის დადგომისთანავე პრობლემები მოიმატებს. ერთადერთი ორგანო, რომელიც დღეისათვის ამ შემოწმებებს ახორციელებს არის ლიცენზიათა კომპანიები. მათი რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია“, – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. დაშავებულია ოთხი ადამიანი.