ენერგოომბუდსმენი - აბონენტებს, რომელთაც კომუნალური გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, თანხა არ დაეკარგებათ, ბონუსის სახით გადავა და შემდეგ გამოიყენებენ
ენერგოომბუდსმენი - აბონენტებს, რომელთაც კომუნალური გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, თანხა არ დაეკარგებათ, ბონუსის სახით გადავა და შემდეგ გამოიყენებენ

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ კომუნალური გადასახადების დაფინანსების ინიციატივის შესახებ კომპანიები უკვე ინფორმირებული არიან და ამ მიმართულებით აბონენტებისთვის მომსახურების შეწყვეტას ან სხვა  გაუგებრობას ადგილი არ ექნება.

მისი შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია და მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება.

„დღეს გახდა ცნობილი მთავრობის გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებს, ფიზიკურ პირებს სრულად დაუფინანსდებათ კომუნალური ხარჯების გადასახადი, რაც აბსოლუტურად მისასალმებელი ინიციატივა არის და ჩვენი მომხმარებლის უფლებების დაცვას გულისხმობს. დღეს არსებული ვითარება ასეთია, რომ მარტი, აპრილი, მაისის თვეები სრულად დაიფარება, ოღონდ მხოლოდ იმ კატეგორიის მომხმარებლისთვის, რომელთაც ჰქონდათ 200 კილოვატი ელექტრონერგია ან 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება. ამ დროისთვის არ გვაქვს ის ეტაპი, როდესაც დაწყებული არის მომსახურების შეზღუდვა და ჩაჭრა, გარდა ამისა, უკვე არის ინფორმაცია კომპანიებთან და სრულად ცნობილია, რომ ეს თემა ორგანიზდება. შესაბამისად, მომსახურების შეწყვეტას ან სხვა რამე გაუგებრობას ამ მიმართულებით ადგილი არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ რამე სახის გართულება მოჰყვება ამას, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან დატვირთულ რეჟიმში, როგორც სატელეფონო კონტაქტის, ისე სოციალური ქსელის მეშვეობით, რომ არ დავუშვათ არც ერთი მომხმარებლის უფლების შეზღუდვა. თუ ასეთი იქნება, დაუყოვნებლივ გამოვასწორებთ“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ენერგოომბუდსმენი განმარტავს, რომ აბონენეტს, რომელიც საშეღავათო კატეგორიაში ხვდება, თუმცა, უკვე გადახდილი აქვს მოხმარებული გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი, თანხა არ დაეკარგება.

„შესაძლებელია, ასეთი შემთხვევა იყოს, რადგან ზოგს ავტომატურად აქვს კომუნალური გადასახადების გადახდა მიბმული, ეს თანხები არ დაიკარგება, აუცილებლად დაჯდება ბონუსში, მოქალაქე მის გამოყენებას შეძლებს მაშინ, როდესაც სურვილი ექნება და, როდესაც ამოიწურება სამთავრობო სუბსიდიები“, – განაცხადა მან.

ამათან, ვარდიაშვილმა განმარტა, რომ თანხობრივ გამოხატულებაში, 200 კილოვატ საათი მოხმარებული ელექტროენერგია დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით დაახლოებით 30-დან 35 ლარამდეა, ხოლო 200 კუბური მეტრი გაზი – დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, რეგიონებში კი, დაახლოებით 115 ლარამდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი თვის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაუფინანსებს თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს. საუბარია მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე.