გრიგორი კარასინი - არ გამოვრიცხავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ორმხრივ საფუძველზე
გრიგორი კარასინი - არ გამოვრიცხავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ორმხრივ საფუძველზე

ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე, – ამ სათაურით აქვეყნებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ინტერვიუს გამოცემა „კომერსანტი“.

ინტერვიუში კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან დაგეგმილი შეხვედრის თემებზე საუბრობს, რომელთა შორის, მისი თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების რეალიზაცია იქნება. კარასინის განცხადებით, შეთანხმება კონკრეტულად მიუთითებს იმ გეოგრაფიულ კოორდინატებს, სადაც უნდა განთავსდეს საქართველოს საბაჟო სამსახური.

„საქართველომ არ აღიარა მის ყოფილ ტერიტორიაზე შექმნილი ორი დამოუკიდებელი სახელმწფო, ამიტომ არსებობდა გაუგებრობა, თუ სად გადის მისი საბაჟო საზღვარი. 2011 წლის შეთანხმებას სიცხადე შეაქვს ამ საკითხში. ხელშეკრულებაში მითითებულია კონკრეტული გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც უნდა განთავსდეს საქართველოს საბაჟო სამსახური. ეს არის ყაზბეგის რაიონი, ადგილი მდინარე ენგურის სამხრეთით, ასევე გორის შემოგარენი“, – აცხადებს გრიგორი კარასინი.

მისივე თქმით, რუსეთი შეეცდება ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი საკითხების დროულ მოგვარებას, რის შემდეგაც შეთანხმება ამოქმედდება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკონკრეტებს, ეს არის შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით გაფორმდა და მესამე ქვეყნებს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს.

ინტერვიუში კარასინი ამბობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ეტაპობრივი გაჯანსაღების პროცესი უკვე მიმდინარეობს და ის 2012 წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიერ საპარალამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიწყო. კარასინის თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში კრიზისის გამწვავებული იყო.

„საქართველოს ახალმა მთავრობამ რუსეთთან დიალოგის მისწრაფების შესახებ განაცხადა. ჩვენ მაშინვე ვუპასუხეთ ამ სიგნალს, რადგან მუდამ და პრინციპულად ვემხრობოდით ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდით, რომ ამოცანა რთულია და ამიტომ ვსაუბრობდით ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისეთ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელი იყო. როგორც აღმოჩნდა, ეს შესაძლებლობები ფართო იყო. გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს პასუხობს. ქართული პროდუქტი მოხვდა რუსულ ბაზარზე, აღდგა სატრანსპორტო მოძრაობა და შედგა კონტაქტები მთავრობის ცალკეულ ორგანოებს შორის პრაქტიკულ საკითხებზე, გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა. ინტენსიურად ვითარდება კულტურული და ჰუმანიტარული, სამეცნიერო კონტაქტები“, – აცხადებს კარასინი.

ამ მიმართულებით კარასინი პოზიტიური ნაბიჯად ასახელებს სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას და სააკაშვილის მმართველობის პერიდოში „გაყალბებული ბრალდებებით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას“. ის ასევე იმედოვნებს, რომ ქართველ და რუს სამართალდამცველებს შორის თანამშრომლობის მოქმედი მექანიზმით რუსეთი მიაღწევს საქართველოსგან იუსუპ ლაკაევის გადაცემას, რომელმაც კარასინის თქმით, 2013 წელს სოხუმში რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი და მისი მეუღლე მოკლა.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტურიზმის სფეროსაც ახსენებს და აცხადებს, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოს ეკონომიკას დიდი მოგება მოუტანეს.

ამ კონტექსტში კარასინი საქართველოში მოქმედ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა „ამ კანონს ჯიუტად არ აუქმებს“.

„ეს არის სააკაშვილის პერიდოში მიღებული დისკრიმინაციული კანონი. მართალია, ბოლო პერიდოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ამ რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა არანაირი გარანტია, რომ ეს მომავალში არ მოხდება, არ არსებობს“, – ამბობს კარასინი.

ჟურნალისტის კითხავზე, შეუძლია თუ არა მოსკოვს საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით გამოვიდეს, კარასინი პასუხობს, რომ საქართველოს მიერ წაყენებული პირობის გათვალისწინებით ეს წარმოუდგენელია.

„საქართველოს მოსაზრებით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა არის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებაზე უარის თქმა. ამაზე მოსკოვი არ წავა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. როგორც კი საქართველოს მხარე იქნება მზად, დიპლომატიური ურთიერთობები ახალი რეალობის გათვალისწინებით აღადგინოს, ჩვენ დაუყოვნებლივ პოზიტიური რეაგირება გვექნება“, – აცხადებს რუსი დიპლომატი.

კარასინი ასევე საუბრობს საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობებზე და იქვე ამბობს, რომ საქართველოს წლები და ინტენსიური სამუშაოების ჩატარება დასჭირდა, რათა შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების დროს სავიზო რეჟიმი მოხსნილიყო.

„უსაფრთხოების სფეროში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, სავიზო რეჟიმის „ავტომატურ“ გაუქმებაზე საუბარი არ არის. ეს არის რთული საკითხი, თუმცა რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ორმხრივ საფუძველზე. საუბარია ტერორიზმთან ეფექტურ ბრძოლაზე, ექსტრემიზმთან გამკლავებაზე, ყველა იმ ბოროტებასთან ბრძოლაზე, რომელიც რუსეთში გარედან ხვდება. ქართველ კოლეგებთან ამ ასპექტებზეც ვმსჯელობთ“, – ამბობს კარასინი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეექმნებათ ქართველ გულშემატკივრებს რუსეთში 2018 წელს დაგეგმილ საფეხბურთო ჩემპიონატზე დასწრების კუთხით პრობლემები, კარასინი ამბობს, რომ ამისთვის საქართველოს მოქალაქეებმა ბილეთები უნდა იყიდონ და გულშემატკივრის მოწმობა უნდა მიიღონ.

უსაფრთხოებაზე საუბრისას კარასინის პანკისის ხეობას ახსენებს.

„პანკისის ხეობაში და თბილისშიც კი პერიოდულად იმართება სპეცოპერაციები შესაძლო ტერორისტების დაკავების მიზნით. ერთი ასეთი სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ ჩაატარეს. ამიტომ საფრთხეების დღის წესრიგიდან მოხსნა შეუძლებელია. ეს რეალობაა“, – აცხადებს კარასინი.