თეა წულუკიანი - საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს, დიდი ხანია, არ იცავს, ის არ მუშაობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის
თეა წულუკიანი - საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს, დიდი ხანია, არ იცავს, ის არ მუშაობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს, დიდი ხანია, არ იცავს.

როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე არ მუშაობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„მან როდესაც მოგვმართა ნებართვით, მიიღო უარი და მთავრობამ არ გასცა ნებართვა საერთაშორისო ვიზიტების განხორციელებაზე. ეს სწორედ ამის გამო იყო – ჩვენ ხშირად მოვისმინეთ, რომ, პრეზიდენტის აზრით, თურმე ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ამას ამბობს, მას არ აქვს ან არ სურს, ჰქონდეს წარმოდგენა, რას აკეთებს მთავრობა. არ სურს, ჰქონდეს წარმოდგენა, რამხელა შრომა გასწიეს საკანონმდებლო ორგანომ და საპარლამენტო უმრავლესობამ. არც ეს უნდა, რომ იცოდეს. პრეზიდენტს ჰგონია, რომ თავისი კონკრეტული, ინდივიდუალური აზრები საერთაშორისო ასპარეზზეა გამოსაფენი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანს კითხვა დაუსვეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე: „კარასინი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკური შიზოფრენია აქვს. ასე გალანძღა მან საქართველოს პრეზიდენტი და ეს ლანძღვა მოჰყვა ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილმა თქვა: „რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს“. თქვენთვის რამდენად არის მისაღები აგრესორი ქვეყნის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან პრეზიდენტის ლანძღვა და ხომ არ ფიქრობთ, ეს უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელსაც, ოპოზიციის თქმით, შედეგი საერთოდ არ მოაქვს, უნდა გაუქმდეს?“

თეა წულუკიანის თქმით, შეიძლება, თავად უფრო მეტსაც ფიქრობდეს საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს ასე ახასიათებს.

„რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ღიად უნდა გითხრათ, რომ პირადად არ მომისმენია, ამიტომ იმის მიხედვით გპასუხობთ, რაც თქვენ მითხარით და იმედი მაქვს, ეს სწორად არის გადმოცემული და მან ასე თქვა. მან თუ ეს ნამდვილად ასე თქვა, ჩემი პასუხი შემდეგია, რომ მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.