გრიგოლ ვაშაძე - კლოუნადას, რომელსაც ეწევა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება და რუსეთი, არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი არ ექნება
ოპოზიციონერი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი არ ექნება იმ კლოუნადას, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება და რუსეთი აგრესორი ეწევა.
მისივე თქმით, გამორიცხულია, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალოს.
„საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია ოკუპირებული, წერტილი. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს რა ფარატინა ქაღალდსაც არ უნდა აფარებდნენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის. რითია გამოწვეული ის, რომ ასე აღელდა პუტინი და მისი საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის რეგიონში? ორი ვარიანტია – ან ისეთი მწარე სიტუაციაა უკრაინის ფრონტზე, რომ მას რაღაც პროპაგანდისტული „გამარჯვება“ სჭირდება, ან ცდილობს, სახელმწიფო დუმაში ამ მომართვის ცნობა ან არ ცნობა ნაჯახივით დაკიდოს. ორივე შემთხვევაში, ცხინვალის რეგიონის სტატუსში არც პოლიტიკურად და არც საერთაშორისო სამართლებრივად არაფერი შეიცვლება.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ჩვენს ერს, უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენ ვიყოთ ეკონომიკურად წარმატებული, სოციალურად დაწყნარებული და გაწევრიანებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელებიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. რაც შეეხება აფხაზეთს, დღეს მათი ერთ-ერთი „დამსახურებული ლიდერი“ გამოვიდა და თქვა, რომ აფხაზეთი ამ საკითხს არ იხილავდა, არ იხილავს და განხილვას არ დაექვემდებარება“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.
ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“