ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“
ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.

ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზა, ხალხის მისწრაფება და ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი“, – აღნიშნულია ბიბილოვის განცხადებაში.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთის დუმაში გამოეხმაურენ. დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთს შეუძლია, გამოხატოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი და იურიდიული თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია“.