გრიგოლ გეგელია - შრომის დაცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია
გრიგოლ გეგელია - შრომის დაცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია

შრომის დაცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე ასორმოცდაათ დღეში ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში შრომა ერთხელ და სამუდამოდ იქნას დაცული და იყოს ღირსეული. ეს არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი რამ ქვეყნის ნებისმიერი სახით განვითარებისთვის. შრომა მარტო იმისთვის კი არ უნდა იყოს დაცული და ღირსეული ანაზღაურების მატარებელი, რომ უბრალოდ, კარგია, ამას აქვს ძალიან სპეციფიკური, ძალიან კონკრეტული ეფექტები ქვეყანაზე; პირველ რიგში – კეთილდღეობაზე, მეორე რიგში ქვეყნის პოტენციალის გამოვლენაზე და რა თქმა უნდა, შემოდის მორალური არგუმენტი, რაც შეიძლება, პირველ ადგილზე დავაყენოთ. იმიტომ, რომ შრომა არის ყოველდღიური ცხოვრების საფუძველი და მათ შორის, პოლიტიკური ცხოვრების. ამიტომ, შრომის დაცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია“, – განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, საკითხის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ 2011-2019 წლებში ქვეყანაში შრომისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა.

„საერთო ჯამში, ამ ქვეყანაში მძიმე ინდუსტრიის შრომისას უფრო მეტი ადამიანი დაგვისახიჩრდა, ვიდრე რუსულ-ქართული ომისას. ესეც აჩვენებს, რომ ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია“, – განაცხადა გეგელიამ.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ როგორ ზის სახელმწიფო მსხვილი კაპიტალის ჯიბეში და რომ პოლიტიკა ადამიანისთვის არ არის.

„2015-2017 წლებში მხოლოდ სამ ადამიანს შეეფარდა პატიმრობა სამასი საქმიდან, რომელიც შრომის უფლების დარღვევის ნიადაგზე იყო წარმოებული. ეს აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა ადამიანისთვის არ არის“, – განაცხადა გეგელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია მისი პოზიცია საბანკო ბიზნესის ინტერესსა და შრომის უფლებების ინტერესთან დაკავშირებით, რადგან ის იმ პოლიტიკურ მოძრაობაშია, რომლის ლიდერებსაც ამ ბიზნესთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ „ლელო“ ცენტრისტული მოძრაობაა, ხოლო „თიბისი“ ბანკთან არავითარი შეხება არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ იქ თორმეტი წლის ასაკიდან ერთი ანაბარი აქვს.

„მე „თიბისი“ ბანკს არ წარმოვადგენ. უბრალოდ, საერთო საჯარო ინტერესისთვის მაინც ვიტყვი, რომ ამ ბანკთან არანაირი კავშირი არ მქონია, მაგრამ ვიცი, როგორი ყოფილა სხვადასხვა დროს იმ ძალიან ბევრი ადამიანის შრომის პირობები და ანაზღაურება, ვინც იქ მუშაობს. ჩვენ, ყველანი უნდა დავეკითხოთ მათ. უნდა ითქვას, რომ რაც ჩემთვის არის ცნობილი, „თიბისი“ ბანკი ყოველთვის იცავდა შრომის უფლებებს და ღირსეულ შრომას უზრუნველყოფდა. ეს მნიშვნელოვანი არგუმენტი მგონია“, – განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, ის, თუ ვინ არიან პოლიტიკურად ხაზარაძე, ჯაფარიძე და სხვები, დგინდება ახლა, ამ თვეებში, როცა „ლელო“ პროგრამას წარადგენს.

„ჩვენი ლიდერებიდან ორი მათგანი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბილ გეიტსიც არის განუზომლად უფრო მსხვილი კაპიტალის წარმომადგენელი, ვიდრე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მაგრამ მას არა ერთი მემარცხენე იდეაც აქვს. ვინ არიან პოლიტიკურად ხაზარაძე, ჯაფარიძე და სხვები, ვინც ბიზნეს ბეგრაუნდიდან მოდიან, ახლა დგინდება, ამ თვეებში, როცა „ლელო“ პროგრამას წარადგენს და „ლელოს“ პროგრამა მამუკასიც არის, გრიგოლისიც, ირაკლისიც და ყველასი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.