გოჩა თევდორაძე - „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემის შეცვლა თუ სურს, რეალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
გოჩა თევდორაძე - „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემის შეცვლა თუ სურს, რეალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ხელისუფლებას ახლა აქვს იმის საშუალება, რომ აღარ წარმოგვიჩინოს არჩევნების ასე პოლარიზება და საზოგადოების ასე გაყოფა, თითქოს, არსებობს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მის საპირწონედ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ არც უარყოფს, რომ არ არის კარგი ძალა; თავის თავზე ამბობს, რომ ცუდი პოლიტიკური ძალაა, მაგრამ უფრო ცუდი „ნაციონალური მოძრაობაა“ და წარმოგვიჩენს ისე, თითქოს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. დღეს, ცალკეულ პოლიტიკურ ძალებთან პირდაპირი დიალოგის რეჟიმში ჩადგომით შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ დაამსხვრიოს ეს“, – განაცხადა თევდორაძემ.

ამ განცხადებით გოჩა თევდორაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა დარჩენილი იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივებზე ხელისუფლების წამოსვლით დაირღვეს არსებული დიქოტომია და 2020 წლისთვის გამოჩნდეს, რომ არსებობს სხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომლებთანაც თურმე, შესაძლებელია შეთანხმება ისე, რომ ამაში უშუალოდ არ იყოს ჩართული ე.წ. მთავარი ოპოზიციური ჯგუფი.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქამდე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჰქონდა მოლაპარაკებები და დღესაც ისმის საუბრები იმაზე, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასა“ და„ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კულუარული შეხვედრები კვლავ მიმდინარეობს.

„არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის გარკვეული გარიგებები არსებობს. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ასეთი გარიგებები ჰქონდა „ევროპულ საქართველოსთან“ და გარკვეულწილად, ჰქონდა იმის სურვილი, რომ ის რეიტინგულ პოლიტიკურ ძალად წარმოეჩინა, რაც რეალობას საერთოდ არის მოწყვეტილი. დღეს ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ახალი გამოგონება არის „გირჩი“, რომ ის გარკვეული რეიტინგის მქონე პოლიტიკური ძალაა და ა.შ“, – განაცხადა თევდორაძემ.

როგორც თევდორაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ რა თქმა უნდა, სურს, მთავარი ოპოზიციური ძალა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, მაგრამ რეალურად იცის, რომ არსებობს სხვა რეიტინგული პოლიტიკური ძალები და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ „ევროპულ საქართველოსთან“ შეთანხმება-გარიგება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რათა არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

„ამას ემატება საერთაშორისო ზეწოლა, რომელშიც ახლა მოქცეულია „ქართული ოცნება“ და ამიტომ დგამს ასეთ ნაბიჯებს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში ისაუბროს პოლიტიკურ პარტიებთან და შემდეგ გარკვეულ კონსენსუსად შეფუთოს 100/50-ზე მოდელი, რასაც გვთავაზობს“, – განაცხადა თევდორაძემ.

გოჩა თევდორაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ რეალურად სურს, შეცვალოს საარჩევნო სისტემა, თავი გაითავისუფლოს შიდა თუ საგარეო ზეწოლისგან, სახე შეინარჩუნოს და მისი რეიტინგის დაცემის პროცესი არ გაგრძელდეს, რეალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ყველასთვის გასაგებია, რომ სრულად პროპორციულზე ვერ მოდის, მაგრამ ხედავს, რომ 100/50-თან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამოაცხადა, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებითო. ესე იგი, არის ამათ შორის რაღაც შუალედზე საუბარი. თუ პოლიტიკურ სპექტრს გადავხედავთ, 100/50 ზე უმეტესობისთვის მიუღებელია და ეს კონსენსუსის საგანი ვერ იქნება. ამიტომ, რეალურად, „ქართული ოცნება“ უნდა აცხადებდეს მზაობას რაღაც შუალედურისთვის მაინც და თუ დიალოგი სურს, ეს ერთკვირიანი მონაკვეთი უნდა გამოიყენოს “, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.