იაგო ხვიჩია - შრომის სამართალი არის ადგილი, სადაც დანგრეული გვაქვს საბჭოთა კავშირი და უკან დაბრუნება არ გვინდა
იაგო ხვიჩია - შრომის სამართალი არის ადგილი, სადაც დანგრეული გვაქვს საბჭოთა კავშირი და უკან დაბრუნება არ გვინდა

როცა ამბობენ, რომ ჩვენ შრომის, თუ რაღაც კანონმდებლობა გვინდა, ამით თან გვეუბნებიან, რომ ადამიანები სულელები არიან და არ იციან, მათთვის რა ჯობია, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„როგორც იყო ქართულად, ტრადიციულად. საბჭოთა კავშირმა პოლიცია შემოიყვანა ჩემ და შენ ურთიერთობაში. საბჭოთა კავშირამდე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში პოლიცია არასდროს არ შემოსულა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის მიზანი ის კი არ იყო, ჩვენი ურთიერთობის სიწმინდე დაეცვა, არამედ ის, რომ ყველგან პოლიციით შესულიყო. მათ შორის – შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში და ახლაც პოლიციის შემოტანა უნდათ იმ ხალხს, ვისაც კანონპროექტები შემოაქვს. შრომის სამართალი არის ადგილი, სადაც ჩვენ დანგრეული გვაქვს საბჭოთა კავშირი და უკან დაბრუნება არ გვინდა. პირიქით, სხვაგან უნდა ვანგრევდეთ საბჭოთა კავშირს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც „გირჩის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, თავისუფალი ადამიანების ურთიერთობაში არ უნდა შევიდეს სისტემა, რომელიც თავისი ნდობის მანდატით ბოლომდე გაპარტახებულია.

„თუ მართლა რამეს ვენდობით, ბიზნესს ვენდობით. ბიზნესს კი არა, თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც სისტემასთან არ არიან, ან ნაკლებად არიან დაკავშირებული და მე ამის ლოგიკას უბრალოდ, ვერ ვხსნი, თავისუფალი ადამიანების ურთიერთობაში, სადაც ჯერ პრობლემა რეალურად არ არსებობს, რატომ შემოგვყავს სისტემა, რომელიც თავისი ნდობის მანდატით ბოლომდე გაპარტახებულია. “, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ უნდა აღრიცხოს სამუშაო საათები, თუ მხარეების შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტში წერია, რომ დაქირავებულმა კვირაში ორმოცი საათი უნდა იმუშაოს და როგორ უნდა გაიგოს დაქირავებულმა, რამდენი საათი ამუშავებს დამქირავებელი, თუ დამქირავებელი სამუშაო საათებს არ აღრიცხავს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ აღრიცხვის ვალდებულება დამქირავებელს არ უნდა ჰქონდეს.

„ვთქვათ, მე და თქვენ ვართ კონტრაქტის მხარეები. მე ვთვლი, რომ კვირაში პირობითად, ორმოცი საათი უნდა ვიმუშაო. კონტრაქტი საერთოდ არ ირღვევა და არც ერთი ადამიანი ამას არ ასაჩივრებს. ანუ, ურთიერთობა ჩვეულებრივად გრძელდება. ურთიერთობათა 95%-ს ზოგადად, პრობლემა არ გააჩნია. შესაძლოა, უფრო მეტსაც. შეიძლება, პრობლემური გახდეს 5%. იმის გამო, რომ შეიძლება, პრობლემური გახდეს 5% და მის დასამტკიცებლად მტკიცებულება გახდეს საჭირო, 95%-ში რომ საერთოდ საქმე არ მაქვს, ბუღალტერიის წარმოებას რატომ მავალებ?! მე თუ ცუდად ვიქცევი და ვინმეს თუ ჩემთან დავა უნდა, ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულება ხომ მან უნდა მოაგროვოს და არა ის, რომ მე ბუღალტერია შემეტენოს და ყველა თანამშრომელი აღვრიცხო, ვინ როდის გადის?!“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.