ბექა ნაცვლიშვილი - გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არავის ესმის შრომის ურთიერთობები, შრომის სამართალი
ბექა ნაცვლიშვილი - გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არავის ესმის შრომის ურთიერთობები, შრომის სამართალი

დღეს გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არავის ესმის შრომის ურთიერთობები, შრომის სამართალი და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„მათ არგუმენტი არ ჰქონიათ და უბრალოდ, უარყვეს ჩვენი ინიციატივები. ამას მხოლოდ არცოდნის გამო არ აკეთებენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მსხვილი ბიზნესის მომსახურე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესის წინააღმდეგ უბრალოდ, არ მიდის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, შრომის სამართალი და შრომის ინსპექცია მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არსებობს.

„დღეს, დედამიწაზე თითქმის, არ არსებობს ქვეყანა, სადაც შრომის სამართალი არ არსებობს; თითქმის, არ არსებობს ქვეყანა, სადაც შრომის ინსპექცია არ არსებობს და ა.შ. ფაქტია, რომ არსებობს იერარქია. დასაქმებული ყოველთვის დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია. დამსაქმებლის არის კაპიტალი და ერთადერთი, რითაც შეიძლება, დასაქმებულმა თავი გაიტანოს, ეს მისი სამუშაო ძალაა. მესმის, რომ ეს მათ შორის გარიგებაა, მაგრამ სოციალურ მდგომარეობაზე და სოციალურ ურთიერთობაზე რომ ვლაპარაკობთ, სწორედ ამ სოციალურ ურთიერთობას უნდა გავუსვათ ხაზი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამ განცხადებით ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ „გირჩის“ თავმჯდომარეს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში პოლიციით საბჭოთა კავშირი შევიდა და ამ ურთიერთობებში ახლაც პოლიციის შეტანა უნდა იმ ხალხს, ვისაც კანონპროექტები შემოაქვს.

ბექა ნაცვლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, საქართველოში დამსაქმებელი დასაქმებულს უყურებს, როგორც თავისი მოგების გენერირების მთავარ წყაროს.

„ამ ქვეყანაში ხომ რაღაც ტექნოლოგიების განვითარებაზე არ არის ლაპარაკი?! აქ კომპანიები ერთმანეთთან კონკურენციაში ხელფასების დაგდებით შედიან, რომელი უფრო დაბალ ხელფასს შესთავაზებს თავის დასაქმებულს, რომ შესაბამისად, მისი მოგება გაიზარდოს და აქედან გამომდინარე, უფრო კონკურენტუნარიანი იყოს. აი, ეს არის სოციალური რეალობა, როდესაც დასაქმებულებს ვუყურებთ, როგორც ჭანჭიკებს, რომელიც თუ გაცვდა და აღარ მოგვწონს, შეგვიძლია, გადავაგდოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ კლასობრივი დაყოფა არსებობს და პირველი, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, არის ის, რომ დოვლათს დასაქმებული ქმნის.

„დასაქმებული რომ არ იყოს, დოვლათი უბრალოდ, არ შეიქმნებოდა. მუშები რომ არ იყვნენ, დოვლათი არ შეიქმნებოდა. ამიტომ, მოგებაც სამართლიანად უნდა გადანაწილდეს, როგორც დამსაქმებელზე, ისე დასაქმებულზე. იმიტომ, რომ იმ დოვლათის შექმნის ერთ-ერთი მთავარი თანამონაწილე დასაქმებულიც არის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც გადაცემაში აღნიშნა, რომ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ ინიციატივებს „ლელო“ მხარს უჭერს.

„კარგია, თუ „ლელო“ ამ ინიციატივას მხარს უჭერს და კარგია, თუ ამ განცხადებას საჯაროდ გააკეთებთ, მაგრამ მართლაც ბიზნეს ტაიკონის, ყველაზე მსხვილი და ექსპლუატატორული ბიზნესის პარტიაში როგორ შეიძლება, რაღაც ღირსეულ სოციალურ გარემოზე ვილაპარაკოთ?! ჩვენც კარგად ვიცით, როგორ არის ამ ბანკების ფული გენერირებული და რისგან არის მოგება გაკეთებული. პირდაპირ გეტყვით, ადამიანების სახლიდან გამოყრიდან. თუ გნებავთ, მე განახებთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც „თიბისი“ ბანკმა გამოასახლა სახლიდან და ა.შ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ლელო“ ცენტრისტული მოძრაობაა, ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრისტული პოლიტიკა არ არსებობს და იმის თქმა, რომ ცენტრისტული პოლიტიკა სადმე არსებობს, არის ტყუილი და საკუთარ თვალებში ნაცრის შეყრა.