გია ჟორჟოლიანი - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახლა მთავარია, წითელ ხაზებს შორის რაღაც შუალედი მოიძებნოს
გია ჟორჟოლიანი - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახლა მთავარია, წითელ ხაზებს შორის რაღაც შუალედი მოიძებნოს

ახლა ყველაზე მთავარია, წითელ ხაზებს შორის რაღაც შუალედი მოიძებნოს, – ამის შესახებ პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„მე რომ 100/35-ზე ვთქვი, ოცდაათიდან ორმოცამდე გარკვეული ლოგიკით შეიძლება, ოლქები იყოს აგებული. რაღაც ლოგიკა იმ ორმოცდაათშიც არის. დღევანდელ 73-ში არის რაოდენობა და მგონია, რომ იმ 50-შიც არის რაღაც ლოგიკა. ასეთივე ლოგიკა შეიძლება, მოიძებნოს იმ 35-შიც და 25-შიც. რა თქმა უნდა, ასე არ უნდა იყოს – „მაშ რამდენი“ და „არიოლი და რეშკის“ აგდებით, მაგრამ ამაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს და წითელი ხაზები უნდა შევამციროთ. თუ საკანონმდებლო ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ არ შეიტანა, ამას აზრი არ აქვს. საკონსტიტუციო კანონპროექტი 76-მა დეპუტატმა უნდა შეიტანოს და თუ „ქართული ოცნება“ ამას ოთხშაბათამდე არ შეიტანს, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ მას ცვლილებები არ სურს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი სხვა საკითხიც არის, რომელზეც აუცილებელია, მსჯელობა გაიმართოს, მაგრამ ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საკითხია.

როგორც პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ილუზიაა ის, რომ სამართლებრივი ნორმებით დემოკრატიას უზრუნველვყოფთ.

„სამართალი არ უზრუნველყოფს დემოკრატიას. დემოკრატიას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგი, ეკონომიკური წესრიგი და ა.შ. უმუშევრების ქვეყანაში დემოკრატია კაცობრიობამ არ იცის. ის კი არა, დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც ძალიან მაღალი კონცენტრაცია მოხდა და დიდი უთანასწორობებია, ლიბერალური დემოკრატია, ანუ ის დემოკრატია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოებში, დღეს კრიზისშია ბევრი ფაქტორის გამო და ამ ფაქტორებს ერთად უნდა ვუშველოთ, მაგრამ იმისთვის, რომ ამას ვუშველოთ, ამ საარჩევნო სისტემაზე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ და იმაზე ვილაპარაკოთ, როგორ ვცხოვრობთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა გავაკეთოთ და ა.შ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანმა ასევე განაცხადა, რომ პარტია „სოციალ-დემოკრატები“ პარლამენტში კრიტიკისთვის არ მიდის.

„ჩვენ არ მივდივართ იმისთვის, რომ აი, თქვენი ხმა ვიქნებით, ვიყვირებთ და რაღაც ასეთი. ჟურნალისტებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბევრად მეტი შესაძლებლობა გაქვთ, საზოგადოებას თქვენი აზრი გააგებინოთ, ვიდრე მე, ან ბევრ დეპუტატს. ამიტომ, ამისთვის პარლამენტში წასვლა არ არის საჭირო. პარლამენტში წასვლა საჭიროა იმისთვის, რომ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანთა ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ჩვენ ამისთვის მივდივართ. ამიტომ, ჩვენ არითმეტიკა არ გვჭირდება. ჩვენ პოლიტიკური ზეგავლენა გვჭირდება“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.