გრენლანდიის შუაგულში აღმოჩენილი ნამარხები ზღვის დონის მატების კიდევ უფრო დიდ საფრთხეზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
გრენლანდიის შუაგულში აღმოჩენილი ნამარხები ზღვის დონის მატების კიდევ უფრო დიდ საფრთხეზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება

არც თუ ისე შორეულ წარსულში, გრენლანდია თავის სახელს ამართლებდა (მწვანე მიწა).

კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, სამი კილომეტრის სიღრმიდან ამოღებულ ყინულის ნაბურღ ნიმუშში (კერნი) მეცნიერებმა მცენარეებისა და მწერების ნაშთები აღმოაჩინეს. ეს ამ დროისათვის ყველაზე მკაფიო მტკიცებულებაა იმისა, რომ დაახლოებით მილიონი წლის წინ, ეს დიდი კუნძული თითქმის მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული, მაშინ, როდესაც ატმოსფეროში ნახშირბადის დონე დღევანდელზე გაცილებით დაბალი იყო.

ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებს, რომ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების წყალობით ზღვის დონის მატებას იმაზე დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ყინულის ნიმუში, სახელად GISP2, 1993 წელს აიღეს გაბურღვით და მიუხედავად იმისა, რომ მასში არსებული ქანები და ყინული დეტალურად იყო შესწავლილი, არავის მოსვლია აზრად, რომ ყველაზე ძირიდან აღებულ ნაწილში ნამარხები მოეძებნა.

იმიტომ, რომ ბოლო დრომდე, არარეალურად მიიჩნეოდა იდეა, რომ არც თუ ისე შორეულ გეოლოგიურ წარსულში გრენლანდია ყინულით დაფარული არ იყო.

„ნიმუშში ნამარხები დათვალიერების დაწყებიდან ნახევარ საათშივე ვიპოვეთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვერმონტის უნივერსიტეტის გარემოსდაცვით მეცნიერებათა პროფესორი პოლ ბირმენი.

მათდა გასაკვირად, მკვლევრებმა ამ რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის ქანში აღმოაჩინეს ტირიფის მერქანი, სელაგინელას სპორები, სოკოები, მწერის თვალების ნაერთი და ყაყაჩოს თესლი; ეს ყველაფერი სიცოცხლით სავსე ტუნდრის ეკოსისტემაზე მიუთითებს.

თუკი კუნძულის შუაგულში ყინული არ იყო, ეს თითქმის გადაჭრით ნიშნავს იმას, რომ ის არც დანარჩენ გრენლანდიაზე იყო — მომავალი, რომელიც გრენლანდიას კვლავ ელოდება წიაღისეული საწვავით გადატვირთულ კლიმატში.

თუკი წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირდა, მომდევნო რამდენიმე საუკუნეში გრენლანდიის ყინულის საფარი მთლიანად გადნება, რაც ზღვის დონის შვიდი მეტრით აწევას გამოიწვევს და შედეგად, გაქრება მსოფლიოს სანაპირო ქალაქები.

ახალი კვლევა ეფუძნება ბოლოდროინდელ ორ მნიშვნელოვან აღმოჩენას. 2016 წელს, მეცნიერებმა ამავე ნიმუშის ქვენაფენა ქანი შეისწავლეს, რადიონახშირბადული დათარიღებით შეაფასეს და დაადგინეს, რომ მისი ასაკი 1,1 მილიონ წელიწადს არ აღემატება.

როგორც მათმა მოდელირებამ ასევე, ნიმუშ GISP2-ის ადგილზე რომ ყინული დადნეს, დანარჩენი გრენლანდიის 90 პროცენტზეც გადნება.

თუმცა, შედეგები საკამათო გახდა იმ დიდი ხნის თეორიის გამო, რომლის მიხედვითაც, გრენლანდიას უკვე რამდენიმე მილიონი წელიწადია ფარავს გაუვალი ყინულის საფარი.

შემდეგ, 2019 წელს, ბირმენმა და მისმა საერთაშორისო ჯგუფმა ყინულის კიდევ ერთი ნიმუში შეისწავლა, რომელიც 1960-იან წლებში აიღეს გრენლანდიის სანაპიროზე მდებარე აშშ-ის მიტოვებული სამხედრო ბაზა კამპ-სენჩერიდან.

მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დაადგინეს, რომ ნიმუშები არა მხოლოდ დანალექებს, არამედ ფოთლებსა და ხავსსაც შეიცავდა. დათარიღების მოწინავე მეთოდებით გაირკვა, რომ ნიმუში 416 000 წლის წინანდელია.

სწორედ ასეთმა შედეგებმა შეაგულიანა ბირმენი, რომ ასეთივე მასალები 1993 წელს აღებულ ნიმუშშიც ეძებნა. მისმა აღმოჩენამ ცალსახად დაადასტურა ის, რასაც მეცნიერები იქამდე მოდელებისა და გამოთვლების საფუძველზე ვარაუდობდნენ.

„ყინული არ უნდა ყოფილიყო, რადგან სხვაგვარად ვერ იქნებოდა მცენარეები, მწერები და ნიადაგის სოკოები. ახლა უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ ყინული არ არსებობდა არა მხოლოდ კემპ-სენჩერის, არამედ არც GISP2-სთან, კუნძულის შუაგულში. ახლა უკვე ვიცით ისიც, რომ ყინულის მთლიანი საფარი დნობისადმი მოწყვლადია“, — ამბობს ბირმენი.

კვლევის თანაავტორი ჰალეი მასტრო ხაზს უსვამს, რომ გრენლანდიაზე საჭიროა ყინულის უფრო მეტი ნაბურღი ნიმუშის აღება, რათა უფრო მეტი უძველესი ორგანიზმი ვიპოვოთ; ეს კი თავის მხრივ მნიშვნელოვან ცნობებს მოგვაწვდის ჩვენი მომავლის შესახებ.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.