არქტიკის დნობის ამჟამინდელი პროგნოზები სავარაუდოდ გზას აცდენილია. განახლებული მოდელის თანახმად, ყინულოვანი ჩრდილოეთის მყინვარები ზღვაში შეიძლება იმაზე 100-ჯერ სწრაფად ჩასრიალდეს, ვიდრე ამას წინა მოდელები პროგნოზირებდა.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ყინულის დნობის პროგნოზები დეტალურად განიხილეს და გადახედეს. 2020 წელს ჩატარებულმა ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ რეალობას დიდად არ შეესაბამება კომპიუტერული სიმულაციები მყინვარებისა და კლიმატის დანარჩენი სისტემის ურთიერთქმედების შესახებ.
აშკარაა, რომ ამჟამინდელ კლიმატურ მოდელებში რაღაც არასწორია ან მოდელებს აქვს რაღაც გამორჩენილი. მაგრამ რა?
ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ პრობლემის სულ მცირე ერთი ნაწილი გადაჭრეს.
მონაცემებში არსებულმა ხარვეზმა კლიმატის მეცნიერები აიძულა, დაკვირვებები ჩაეტარებინათ ხელმისაწვდომ მყინვარებზე, რათა შეექმნათ მოდელები ყველა დანარჩენ მყინვართა დნობის შესახებ.
თუმცა, ის, რაც სწრაფი გლობალური დათბობის პირობებში ანტარქტიდის ყინულოვან საფარზე ხდება, მნიშვნელოვნად განსხვავდება არქტიკაში, მყინვარების თავს მიმდინარე ამბებისგან.
მაგალითად, გრენლანდიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა დაკვირვებითმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიორდებში, ოკეანის თბილი წყალი ქვეშიდან ადნობს მოტივტივე ყინულის საფარს.
ყინულების წყალქვეშ ჩაძირული ნაწილების დნობის გაზომვა უკიდურესად რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სახიფათოდ ახლოს უნდა მივიდეს მკვლევართა ნავი ყინულის მთასთან, რომელსაც აისბერგები სწყდება.
ასეთი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მეცნიერებმა შეისწავლეს ანტარქტიდის უფრო ხელმისაწვდომი „მყინვარული ენები“ და ეს მონაცემები არქტიკას მოარგეს. მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდაზეც და გრენლანდიაზეც უხვად არის კონტინენტური ყინულის საფარი, ისინი იდენტური ტყუპები არ გახლავთ.
კლიმატის მომავალი მოდელების გასაუმჯობესებლად, სასწრაფოდ საჭიროა ამ მყინვარების ზღვის წყალთან ურთიერთქმედების სხვადასხვა გზების დადგენა.
2019 წელს, ალასკაზე, მოტივტივე მყინვარებზე მუშაობისას, მკვლევრებმა ყინულის დნობის უკან არსებული ფიზიკის ანალიზი სცადეს. ამ საოცარ სტრუქტურებთან რაც შეიძლება ახლოს მისასვლელად, ჯგუფმა ავტონომიური კაიაკები გამოიყენა და ზუსტი გაზომვები ჩაატარეს სწორედ იქ, სადაც ყინული ზღვას ხვდება ბასრი კუთხით.
ნადნობი წყალი ოკეანეში ყინულის კედლიდან 400 მეტრის მანძილზეც დააფიქსირეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწრაფად იმაზე გაცილებით მეტი ყინული დნება, ვიდრე ამას წინა შეფასებები მიუთითებდა — თანაც ასჯერ მეტი.
ეს უფრო ზუსტი გაზომვები მკვლევრებმა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკის მყინვართა დნობის უფრო უკეთესი მოდელის შესაქმნელად გამოიყენეს.
„წლების განმავლობაში, მეცნიერები ანტარქტიდის მოტივტივე მყინვართა დნობის მაჩვენებლის მოდელს იღებდა და მას გრენლანდიის ვერტიკალურ მყინვართა წინა ნაწილებს არგებდა. დაკვირვებების შეზღუდულობიდან გამომდინარე, ეს ყველაზე საუკეთესო რამ იყო, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ვინ იცის, სწორი იყო თუ არა ეს? თუმცა, გაჩნდა სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ტრადიციული მიდგომა გრენლანდიის ვერტიკალურ მყინვართა წინა ნაწილების დნობის ძლიერ დაბალ მაჩვენებელს გვაძლევდა“, — განმარტავს ტეხასის უნივერსიტეტის ფიზიკური ოკეანოგრაფი კრისტინ შულცი.
განახლებული მოდელები მყინვარების ფორმასა და ტემპერატურას, ასევე მიმდებარე წყლების მარილიანობას იყენებს, რათა გააკეთოს პროგნოზი გრენლანდიაში წყალქვეშა ყინულის დანაკარგების ოდენობის შესახებ. მხოლოდ ადგილზე ჩატარებულ დაკვირვებებს შეუძლია კომპიუტერულ კლიმატურ მოდელებზე უკეთ გადაჭრას რეგიონული განსხვავებები.
ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ როდესაც არქტიკული მყინვარები ყინულოვან „თითებსა“ და „ფეხებს“ ზღვაში ყოფენ, განსაკუთრებით მოწყვლადნი ხდებიან წყალქვეშა დნობის მიმართ.
ასე ღრმა, თბილ წყლებში, ზოგჯერ ზედაპირიდან ასი და მეტი მეტრით ქვეშ, მყინვართა ეს „კიდურები“ თანდათან დნება, მუდმივი, სუსტი ფონური სიჩქარით.
გამომდინარე იქიდან, რომ არქტიკა დანარჩენ მსოფლიოზე ოთხჯერ უფრო სწრაფად თბება, მკვლევრები ეჭვობენ, რომ აქ წყალქვეშა დნობაც უფრო უარესია, ვიდრე ანტარქტიდაზე.
„ღრმა, თბილი წყლების მიერ გამოწვეული დნობა ამცირებს მყინვართა დაბოლოებებს, შესაბამისად, იწვევს მათ დამსხვრევას და წინა ნაწილის უკან დახევას. ამას კი შედეგად მოსდევს მასის დინამიკური კარგვა, რაც თავის მხრივ, ზღვის დონის აწევას განაპირობებს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მომავლის ყველაზე საზარელ სცენარებში, რომლებშიც გრენლანდიის მთელი მუდმივი ყინული დამდნარია, ზღვის დონე შვიდი მეტრით მაღლა იწევს.
ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ირწმუნება, რომ გრენლანდიის ყინულოვანმა საფარმა უკვე გადაკვეთა უკან არდაბრუნების წერტილი; ზოგიც ფიქრობს, რომ ეს 2035 წელს მოხდება.
მხოლოდ 2019 წელს, გრენლანდიამ ნახევარი ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა.
რაც შეეხება ანტარქტიდას, ეს კონტინენტი წელიწადში საშუალოდ 150 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს.
მყინვართა დნობის გლობალური ეფექტები გაცილებით შორს მიდის, ვიდრე მხოლოდ ზღვის დონის აწევა.
გრენლანდიის ყინულების ოკეანეში ჩადნობამ შეიძლება შეაჩეროს ოკეანის უდიდესი დინებები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ეკვატორულ ნაწილს აგრილებს.
ამას გარდა, ყინულის საფარის დნობა გარემოში ათავისუფლებს წარმოუდგენლად დიდი ოდენობით უცნობ მიკრობს.
ამ სახის კვლევები უმნიშვნელოვანესია. თუ არ ვიცით, რა გველოდება წინ, მომზადებასაც ვერ შევძლებთ.
კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.utexas.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.