გორში, სოფელ ავკვეთის წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავკვეთში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკლესია დარბაზულია და აგებულია ალგეთის ქვით. ამასთან, კაპიტელებისა და კუთხის ქვებად გამოყენებულია შირიმი და მწვანე ტუფი.
„ჩრდილოეთის კედელში ხის მორით არმირება იყო გაკეთებული. შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. დასავლეთის კარი არქიტრავულია ტიმპანით. დანარჩენი ორი მორღვეულია და ფორმა არ იკვეთება. ტაძარი ნათდებოდა აღმოსავლეთის ერთი და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით, რომლის წირთხლები შიგნითკენ ფართოვდება. აბსიდა ნახევარწრიულია, დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომელზეც კონქის საბჯენი სატრიუმფო თაღი გადადიოდა. მხრები მარტივპროფილიანი კაპიტელებით სრულდება. გრძივ კედელზე ერთი წყვილი პილასტრია გაკეთებული, მათზე გადასულ თაღს ტაძრის კამარა ეჭირა. ჩრდილოეთის პილასტრს პრიფილირებული კაპიტელი აქვს. ნახევარპილასტრებია დასავლეთ კედლის კუთხეებშიც. პილასტრებს შორის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე დეკორატიული თაღებია შეკიდული.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები მთლიანად დანგრეულია, ამიტომ მათზე საუბარი ძნელია. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სამხრეთი მინაშენის კამარა ტაძრის სამხრეთ კედლის შვერილს ებჯინებოდა. დასავლეთის მინაშენი ორნაწილიანია. თითოეული ერთმანეთისგან იზოლირებულია. ორივე ცილინდრული კამარით მთავრდებოდა. ჩრდილოეთის ნაწილში შესასვლელი ტაძრის დასავლეთი კარიდანაა. ჩრდილოეთის კედელში ერთი ვიწრო სარკმელი აქვს. ასეთივე სარკმელი ჰქონია აღმოსავლეთ კედლის ჩრდ. მინაშენის ნაწილში (ამჟამად მიწითაა დაფარული). მინაშენი ეკვდერია. მის სამხრეთით უფრო მცირე ზომის მინაშენია, მასში შესასვლელი სამხრეთი მინაშენიდან უნდა ყოფილიყო. ახლა დანგრეულია.
ტაძრის გარშემო სხვა ნაგებობათა კვალი არ შეინიშნება.
ავკვეთის წმ. გიორგის ეკლესია შეიცავს ეპოქის სტილისტურ მახასიათებლებს: გეგმარება, პილასტრებისა და თაღების მონაცვლეობა, პროფილირებული კაპიტელები, კარ-სარკმელთა ფორმები, დასავლეთის ეკვდერთა გადაწყვეტა“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.