გორის სასამართლოში გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის პროცესი გაიმართება
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კითხვარის შედგენა მოხდება, რის შემდეგადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება. მისივე თქმით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის შემდეგ, მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან და დაიწყება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა
ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ნაფიცი მსაჯულები მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობას დაადგენენ, რადგან საქმეში უტყუარი მტკიცებულებები არსებობს.
„უტყუარად და ეჭვგარეშედ დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილს არავის მოკლის განზრახვა არ ჰქონია. დაცვის მხარის პოზიცია უტყუარ მტკიცებულებებს ეყრდნობა. საქმეში არსებობს ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ასახულია მომხდარი. შესაბამისად, სწორედ ეს ამტკიცებს, რომ კობიაშვილს არ ჩაუდენია დანაშაული. ჩემი ვარაუდით, რაც შეირჩევა ნაფიცი მსაჯულები, ალბათ სამი კვირა დასჭირდება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევას“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრეს. განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.