გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ
გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ

გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

საქმე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. პროცესი დისტანციურად წარიმართა. პასუხისგებაში მიცემულ ექვსივე პირს ერთი ადვოკატი იცავს, რომელმაც საქართველოს პირველ არხთან განმარტა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას არ იზიარებს.

„ფაქტობრივ გარემოებებს დავეთანხმეთ, თუმცა ამ გარემოებებს ვაძლევთ სხვა სამართლებრივ შეფასებას. გირაო მოითხოვა ბრალდებამ, რაზეც თანახმა ვიყავით. საბოლოო ჯამში, გამოიტანა 2000-ლარიანი გირაო“, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა.

ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი კი, დაჭრეს. განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. პროცესი 24 ივნისს ჩაინიშნა.