გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს
გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ეს იქნება წინასასამართლო სხდომის ეტაპი, რომელიც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობასა და ასევე აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობაზე. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გაუგრძელდეს თუ არა ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს პატიმრობის ვადა. დაცვის მხარე მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„დღეს სასამართლო იმსჯელებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიების საკითხი და საქმე გადაეცემა არსებითად განსახილველად, სადაც დაცვის მხარე უტყუარად დავადგენთ და დავამტკიცებთ მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობას. ბრალდების მხარე წარმოდგენილია მიკერძოებული, სუბიექტური მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც გამოძიებას ხან ერთს ეუბნებიან, ხან მეორეს ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. დაცვის მხარე კი წარვდგებით უტყუარი მტკიცებულებებით, ვიდეოკამერის ჩანაწერებით, საიდანაც უტყუარად იკვეთება, რომ მერაბ კობიაშვილს არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება“, – აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა, მერაბ კობიაშვილის ადვოკატებმა საქმის ნაფიც მსაჯულთათვის გადაცემა მოითხოვონ.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, აღნიშნული საქმე მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება, რა დროსაც, ბრალდებულს კანონით აქვს მინიჭებული უფლება, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცეს. იქიდან გამომდინარე, რომ მცხეთაში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პროცესების ჩატარება არ ხდება, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროცესები უკვე გორის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლებს.

მკვლელობა გუდაურში მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. მერაბ კობიაშვილს თამაზ გორთამაზაშვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად და კიდევ ერთი პირის მკვლელობის მცდელობა. რამდენიმე დღის წინ, კონფლიქტში მონაწილე ექვს პირსაც წარედგინა ბრალი. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 126-ე – ძალადობის მუხლით. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ამ ექვსი პირიდან თითოეულს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.