ადვოკატის ინფორმაციით, გუდაურში მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება
ადვოკატის ინფორმაციით, გუდაურში მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

დღევანდელ მოსათათბირებელ პროცესზე კითხვარის დამტკიცება მოხდა. ამის შემდეგ კი, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის შემდეგ მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან და დაიწყება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა.

„დღეს მოხდება ნაფიცი მსაჯულებისთვის კითხვარის დამტკიცება, შემდეგ სხდომაზე კი, უკვე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა დაიწყება. ჩვენი ვარაუდით, ეს პროცესი დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება და როგორც კი დასრულდება, მხარეები სასამართლოს წინაშე წარვდგებით შესავალი სიტყვებით. შემდეგ კი, დაიწყება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა-განხილვა. კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს საქმე დაცვის მხარისათვის არის ძალიან მარტივად სამუშაო საქმე იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება ბრალდებული მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მის მიმართ აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი და ის პოზიცია, რაც აქვს ბრალდების მხარეს, არ იქნება გაზიარებული ნაფიცი მსაჯულების მიერ“, – განაცხადა ბრალდებულის ინტერესების დამცველმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრეს. განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.